ოზურგეთის დაბა ნარუჯას სკოლის ეკოჰაბში შეხვედრები ზაფხულშიც გრძელდება

ოზურგეთის დაბა ნარუჯას საჯარო სკოლის ეკოკლუბ Nature-ს წევრებმა მორიგი შეხვედრა გამართეს სკოლის ეკოჰაბში. შეხვედრის მიზანი იყო: ეკოკლუბის წევრები ზაფხულის პერიოდის განმავლობაში გაცნობოდნენ და შეეგროვებინათ ადგილობრივ პირობებში გავრცელებული ის ბალახოვანი მცენარეები, რომელთაც სამკურნალო მნიშვნელობა აქვს.

ეკოკლუბის ხელმძღვანელმა, ბიოლოგიის პედაგოგმა მედეა ობოლაძემ ეკოკლუბის წევრებს კონსულტაცია გაუწია რომელ მცენარეებზე გაემახვილებინათ ყურადღება. მასწავლებელმა ეკოკლუბის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია რა პირობების ცოდნაა აუცილებელი მცენარეების შესაგროვებლად, დღის რა პერიოდში უნდა მოხდეს მცენარის აღება, აუხსნა: როდის, როგორ და სად შეაგროვონ ესათუის მცენარეული ნედლეული, რომ უცვლელად შეინარჩუნონ ის ნივთიერებები, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია სამედიცინო თვალსაზრისით; ამასთან, ამ პროცესის განსახორციელებლად ზიანი არ მიაყენონ გარემოს.

ასევე აუცილებელია იმის ცოდნა, რომ მცენარეთა უმეტესობის შესაგროვებლად საუკეთესო დრო ნამის აორთქლების შემდეგაა, მშრალ ამინდში შეგროვებას ის უპირატესობა აქვს რომ მცენარე უკეთ შეინახება და არ დაობდება. ისაუბრეს ჰერბარიუმის დამზადებაზე ეკოკლუბის ხელმძღვანელმა კლუბის წევრებს საშუალება მისცა ეკოჰაბის ბიბლიოთეკაში არსებული სამკურნალო მცენარეების წიგნს კიდევ ერთხელ გაცნობოდნენ. ინფორმაციის მიღების შემდეგ ეკოკლუბის წევრები ბუნებაში გავიდნენ.