სამეგრელოს სამმა სკოლამ მდინარე ლუგელას ხეობა და შურუბუმუს მღვიმე ერთად დალაშქრა

2018 წლის 18 ივლისს სენაკის სკოლა-გიმნაზიის სასკოლო გუნდმა ,,ECO-R” ხეთის საჯარო სკოლა და თაიას საჯარო სკოლასთან ერთად ,,ნიკო კეცხოველის პრემია-2019“-ის ფარგლებში მოაწყო ლაშქრობა სოფელ მუხურში შემდეგ მარშრუტზე: შურუბუმუს მღვიმე, მინერალური წყალი ლუგელა, გვალაშარას ჩანჩქერი. აღნიშნული მარშრუტი დატანილია forestry.ge ტურისტული მარშრუტების რუკაზე. 

მარშუტი იწყება სოფელ მუხურში, მდინარე ხობისწყლის ხეობით მიემართება ტობავრჩხილის ტბისკენ, გზად გაივლის: შურუბუმუს მღვიმეს, მინერალურ წყალ ლუგელას, გვალაშარას და ღუნჯის ჩანჩქერებს. თუმცა ღუნჯის ჩანჩქერამდე მისასვლელ გზაზე წვიმების გამო ხიდი იყო ჩამტყდარი, რის გამოც მოლაშქრეებმა ვერ შეძლეს მისი ნახვა. ლაშქრობის დაგეგმვაში სამივე სკოლამ ერთად მიიღო გადაწყვეტილება. მათ დახმარება გაუწია ზუგდიდის ეკოჰაბმა, სამეგრელო ზემო სვანეთის კოორდინატორმა მაია კოდუამ, რომელმაც სკოლები დააკავშირა რეინჯერებთან. 

მოლაშქრეებს მუხურში მეგზურობა სწორედ ამ რეინჯერებმა გაუწიეს - ნოე ჯაფარიძე და როლანდ ცირამუა. მათ დეტალურად აღუწერეს მოსწავლეებს ტოპონიმების მნიშვნელობა, შემდეგ კი ისაუბრეს მუხურში გავრცელებულ მცენარეებზე და სამეურნეო დარგებზე. განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს კოლხურ ბზასა და ჩვეულებრივი ჯიშის წაბლს, რომელთა გამხმარი კორომები მარტივად სანახვი იყო მოლაშქრეებისთვის. ეს მცენარეები ფაქტიურად გადშენების პირასაა. როგორც მათ აღნიშნეს, ეს არის სოკოვანი დაავადება, რომელიც ანადგურებს ბზასა და წაბლს და რომლის წინააღმდეგ არაერთი ღონისძიება გატარდა, მაგრამ უშედეგოდ. ასევე, თვალშისაცემი იყო სკის სიმრავლე, რომელთა ოჯახებს ყოველ ნაბიჯზე ხვდებოდნენ მოლაშქრეები. 

როგორც აღმოჩნდა, ეს ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყაროა ადგილობრივებისთვის. შურუბუმის მღვიმესთან მისასვლელ გზაზე კი მოსწავლეებმა იხილეს ხეებზე ჩამოკიდებული ქოთნები, რომლის მნიშვნელობა მათ რეინჯერებმა განუმარტეს. ეს იყო მავნებელი მწერებისგან ხის დაცვის მექანიზმი-ხაფანგი, რომელიც იზიდავს მწერებს და ანადგურებს. ასევე, მოსწავლეებმა ჰერბარიუმისთვის შეაგროვს მცენარეები, ესტუმრენენ ლუგელას ხეობას, სადაც მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ლუგელის წყლის სარგებლიანობის შესახებ. ხეთის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ელეონორა ქირიამ კი დანარჩენ მოსწავლეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და აჩვენა, თუ როგორ იშლება კარავი. სკოლებს შორის დამეგობრება შედგა და მომავლისთვისაც დაიგეგმა არაერთი ერთობლივი ღონისძიება.