დაიწყო კამპანია "იცურე მშვიდად"

ანა დოლიძის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, ორგანიზაცია CENN-ის და პროგრესის ცენტრის ინიციატივით, დღეიდან დაიწყო კამპანია „იცურე მშვიდად“. კამპანიის ინიციატორებმა დღეს მედიისთვის საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს თბილისის წყალსაცავის ტერიტორიაზე ე. წ. ჩანჩქერთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საფრთხის შემცველი ადგილია საქართველოში.

კამპანიას შეუერთდა არასამთავრობო ორგანიზაცია - „ფონდი კრისტალი“. კამპანიის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ პერიოდულად მსგავს საშიშ ადგილებში მოაწყობენ აქციებს. კამპანია გააერთიანებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და სამოქალაქო აქტივისტებს და მიმართული იქნება საქართველოში წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა სიკვდილიანობის წინააღმდეგ. კამპანიის მიზანია ხელისუფლების პასუხისმგებლობის გაზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ზაფხულის სეზონზე საქართველოში რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება ზღვაში, ხელოვნურ წყალსაცავებში, ტბებსა და მდინარეებში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 1 მაისიდან 25 ივნისამდე ზღვასა და მდინარეებში 21 ადამიანი დაიხრჩო. პრობლემას წარმოადგენს წყლის ობიექტებზე მოწყობილი კუსტარული რეკრეაციული ზონები, სადაც არ არის უზრუნველყოფილი მაშველების დახმარება და დაუცველია მოქალაქეთა უსაფრთხოება. განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ადგილები, სადაც ბანაობა აკრძალულია, მაგრამ სახელმწიფოს და კერძო კომპანიებს ტერიტორიები არა აქვთ დაცული კაპიტალური ბარიერებით და ხშირად ამ ტერიტორიებზე არც გამაფრთხილებელი აბრებია გაკრული. კამპანია „იცურე მშვიდად“ მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და წყლის ობიექტებზე მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით.