"ირმების ოჯახსაც ვიცნობ, ვიცი სადაც ცხოვრობენ" – ნაკრძალში გატარებული 35 წელი

58 წლის რეინჯერი კუკური სარალიძე სოფელ ქვაბისხევში ცხოვრობს. ტყეს ბავშვობიდან უვლის, ამბობს რომ ბუნების სიყვარული მამამ და ბაბუამ ასწავლა: „ხეებს რგავდნენ და მეც ვეხმარებოდი, მას შემდეგ ჩემი ცხოვრება ტყესთანაა დაკავშირებული“.

„როცა ნაძვი ხმება, გული მიკვდება. ბოლო ხანს ნაძვებს და ფიჭვებს რაღაც ჭირთ, ძირითადად ახალგაზრდები ხმებიან. სულ მალე მიზეზი გვეცოდინება და გავიგებთ რა აზიანებს მათ", – ამბობს რეინჯერი, რომელიც 35 წელია ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკს იცავს. ამბობს, რომ იცნობს ნაკრძალში არსებულ სოკოს ყველა სახეობას. მისი თქმით, აქ მხოლოდ ნიყვი არ იზრდება. 

რეინჯერი ტყეში ცხოველებს ხშირად ხვდება: „ერთხელ ფერდობზე ირმის რქები დავინახე შორიდან, სოფელში მისგან წამალს აკეთებენ, ამიტომ მეორე დღეს ავედი წამოსაღებად. მაყვლის ბუჩქები გადავწიე და ჩემზე ორჯერ დიდმა დათვმა წამოყო თავი, რქა სულ აღარ მახსოვდა, თავქუდმოგლეჯილი მოვრბოდი“, – იხსენებს სიცლით. 

კუკური გარდა დათვისა, ფოცხვერს, მგლების ხროვას და ირმების ოჯახსაც ბევრჯერ გადაყრია: „დათვები ძირითადად კენკროვან მცენარეებთან გვხვდებიან. ირმების ოჯახსაც ვიცნობ, ვიცი სადაც ცხოვრობენ, თუმცა ჯობია ყველამ არ იცოდეს“. 

რეინჯერი ამბობს, რომ ნაკრძალში იშვიათად, მაგრამ მაინც ხვდება ადამიანებს, რომლებიც ბუნებას ანადგურებენ. თუმცა, ფიქრობს, რომ ამ კუთხით 90–იან წლებთან შედარებით ვითარება ბევრად შეცვლილია: „ხალხი ახლა უფრო იცავს ტყეს და ცხოველებს, ვიდრე მაშინ“.

კუკური უდაბურ ტყეში ახალწელსაც ხშირად შეხვედრია: „ერთხელ, 31 დეკემბერს, ღამით, ჩემი თანამშრომელი ტყეში ნაკვალებს გაჰყვა, ეგონა მონადირეები შემეპარნენო, მეც ავიღე თოფი და მისახმარებლად გავყევი და ძალიან დიდი თოვლში ჩავვარდი. მეძახის, სად ხარო, ვუყვირივარ, მომკიდე ხელი და ამომიყვანემეთქი, გვერდზე ვედექი თოვლში თავით ჩაფლული, ეს კიდე მეძებდა. საბოლოოდ გაირკვა, რომ ტურისტები ყოფილან სპეცაღჭურვილობით და ახალ წელს მათთან ერთად შევხვდით, თბილად მიგვიღეს ძალიან“. 

რეინჯერი გულისწყვეტით ამბობს, რომ სტუმრები ტყეს ხშირად ანაგვიანებენ, ამიტომ თითქმის ყოველთვის, როცა ტყიდან სოფლისკენ მიდის გზაზე ნარჩენებს აგროვებს: „უცხოელი ტურისტები ტყეს თითქმის არასდროს აბინძურებენ, პირიქით თვითონ ნაგავი ბევრჯერ ჩამოუტანიათ ტყიდან. ძირითადად ექსკურსიებზე მოსულები ყრიან ნარჩენებს და მერე ასე ვკრეფ. გვაქვს ჯარიმა და გამაფრთხილებელ ბარათსაც ვაძლევთ, თუმცა მაინც არ ითვალისწინებენ. ხშირად ტყის დასუფთავებაში სტუდენტებიც გვეხმარებიან–ხოლმე“. 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი ამბობს, რომ მისი ნატვრაა, ქვეყანაში ბევრი ისეთი ადამიანი იყოს, ვისაც ტყე ეყვარება: „ძალიან ბედნიერი ვარ, როცა ჩვენთან მოსულ სტუმარს ტყის ნახვით ვახარებ. კარგია, როცა ტყეში ისეთი ადამიანი მოდის, ვისთვისაც ტყე ძვირფასია“. 

წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"
‘ირმების ოჯახსაც ვიცნობ, ვიცი სადაც ცხოვრობენ’ – ნაკრძალში გატარებული 35 წელი