კახა კუჭავა - საბოლოოდ უნდა გამოცხადდეს ბრძოლა ხე-ტყის უკანონო ჭრასთან

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

„საქართველოში ხე-ტყის ჭრა უკვე წლებია, საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მოხდეს ძალების გაერთიანება, შესაბამისი თანხების გამოყოფა, სტრუქტურების გაძლიერება და გამოცხადდეს უკომპრომისო ბრძოლა ხე-ტყის უკანონო ჭრასთან. ტყის კოდექსი, რომელიც პარლამენტში მუშავდება, ეს მხოლოდ დასაწყისია. ამას უნდა მოჰყვეს ხის სექტორის რეფორმა, რაც სტრუქტურულ ცვლილებებსაც გულისხმობს. ეს საბოლოოდ მიგვიყვანს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის – ტყის მასივების მდგრად მართვაზე. ჩვენ წინა სესიების განმავლობაში გავამკაცრეთ კანონმდებლობა ხის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, თუმცა ეს საკმარისი არ არის და აუცილებელია სისტემური მიდგომა, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრას და შეწყდეს ტყეების უკანონოდ გაჩეხვა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭუბერში განაცხადა, რომ სტიქიას ხელი შეუწყო ტყის სისტემურმა ჭრამაც.