გურჯაანის სოფელ კაჭრეთის სკოლის ეკოკლუბელები მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციას ეწევიან

გურჯაანის სოფელ კაჭრეთის ეკოკლუბის წევრები ტყის მონიტორინგის ჩატარების შემდეგ დარწმუნდნენ, რომ მეტყევის პროფესია ღირსეული საქმეა და ყველამ უნდა ვიზრუნოთ მის პოპულარიზაციაზე. ამიტომ, მოსწავლეებმა მეტყევის დღესთან დაკავშირებით ადგილობრივი ისტორიების მოკვლევა დაიწყეს. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სოფელ კაჭრეთში ორი ტრაგიკული შემთხვევაა, რომელიც ტყეში შეშის დამზადებას უკავშირდება.

ამას გარდა, სკოლის ეკოკლუბმა კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯ "აისის“ სატყეო ფაკულტეტთან გააფორმა მემორანდუმი, რათა ამ მიმართულებით აიმაღლონ ცნობიერება. 

"გვაინტრესებს ტყის არსებობა-განვითარების კანონები; ტყის შემადგენელი ჯიშების ბიოლოგია, ტყისა და გარემოს ურთიერთკავშირი, ტყის ბუნებრივი და ხელოვნური განახლება, ტყის ხელოვნური განახლებისათვის საჭირო სარგავი მასალის გამოყვანის წესები, ტყის მოვლა-აღზრდის რაციონალური მეთოდები და კორომის ძირითადი ნიშან-თვისებები, მის შემადგენელ ცალკეულ სახეობათა გამოყენება. ტყის ჭრის წესები, მათი სწორად წარმოება. იმედი გვაქვს, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და საინტერესო იქნება" - ამბობს სოფელ კაჭრეთის სკოლის ეკოკლუბის ლიდერი, ლევან ქიტოშვილი.