არის თუ არა გარემოსდაცვითი ლიტერატურა თელავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში

თელავის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკას ეწვივნენ და ინტერვიუ აიღეს თამარ წიკლაურთან, თელავის მთავარი ბიბლიოთეკის მკითხველთა მომსახურების განყოფილების გამგესთან. ინტერვიუს მიზანი იყო იმის დადგენა - არის თუ არა ბიბლიოთეკაში გარემოსდაცვითი ლიტერატურა ხელმისაწვდომი და როგორი მოთხოვნაა მასზე. 

ქალბატონი თამარის თქმით ბიბლიოთეკაში არსებობს ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი ლიტერატურა, რომელთა გამოფენაც იყო მოწყობილი. ინტერვიუს დროს ბავშვებს აჩვენა დერეფანში არსებული სტენდი "გარემო ჩვენი არსობისა“, სადაც რამდენიმე საინტერესო წიგნი იყო წარმოდგენილი საქართველოს ბიომრავალფეროვნებასა და ეკოლოგიურ პრობლემებზე, რომელთაგან განსაკუთრებით აქტუალურია ფაროსანას პრობლემა. 

ქალბატონი თამარის თქმით ბიბლიოთეკაში ერთხელ მოეწყო შეხვედრა ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ, რომლითაც უამრავი ადამიანი დაინტერესდა. მისი თქმით, გარემოსდაცვითი ლიტერატურით ძირითადად 16-დან 40 წლამდე მკითხველები ინტერესდებიან, უმეტესად საჭიროებების გამო. თითქმის ყველა სეზონზე აქვთ ასეთ წიგნებზე მოთხოვნა, ძირითადად მაშინ როდესაც მასალა თემებისთვის ან დავალებებისთვის სჭირდებათ.