ოზურგეთის დაბა ლაითურის სკოლის მოსწავლეები აზიური დაროსანას წინაღმდეგ ბრძოლაში სამხარეო ადმინისტრაციას ეხმარებიან

უკვე მერამდენე წელია, რაც ჩვენს ქვეყანაში "აზიური ფაროსანა" გამოჩნდა, თუმცა ყველაზე დიდი ზიანი მავნებელმა მწერმა სოფლის მეურნეობისა თუ სხვა დარგებს გასულ წელს მიაყენა. განსაკუთრებული პრობლემები გაჩნდა სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში. ნიკო კეცხოველის პრემია 2018-ის ფარგლებში ოზურგეთის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა არაერთი აქტივობა განახორციელა ამ საკითხთან მიმართებაში მოსახლეობის ინფორმირების კუთხით. "მწვანე თაობა" აგრძელებს თანამშრომლობას და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებაში. 

ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ როგორ უნდა გაგრძელდეს ამის შესახებ დაბა ლაითურის რწმუნებულმა, დეპუტატმა, ოზურგეთის სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამსახურების, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს შეხვედრაზე, რომელიც დაბის სხვადასხვა უბანში გაიმართა და მასში ლაითურის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მწვანე თაობის" წევრებიც იღებდნენ მონაწილეობას, როგორც დამხმარეები. 

მოსწავლეებმა მოსახლეობაში დაარიგეს წარმომადგენლების მიერ საჩუქრად მოტანილი საინფორმაციო ბროშურები და ბუკლეტეები. შეხედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და მსმენელებმა კონსულტაციები მიიღეს სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც. სპეციალისტებმა ფერმერებს თხილის მავნებლებზე, მათთან ბრძოლის მეთოდებზე, სახელმწიფო პროგრამებზე, ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების საკითხებზე, ჩაი პლანტაციის აღორძინებაზე ინფორმაცია მიაწოდეს. 

"ერთიანი ბრძოლით შესაძლებელია მავნებელთან გამკლავება. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა ფერმერების აქტიური ჩართულობით მოხერხდება. მავნებლის გავრცელების კერებში მობილიზებულია და ინტენსიურად იმუშავებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკა. ფართობები დამუშავდება მსოფლიო ენტომოლოგების მიერ რეკომენდებული ბიფენტრინის ჯგუფის მაღალი ხარისხის პრეპარატებით. გურიის რეგიონში ამ ეტაპზე მავნებლის საწინააღმდეგოდ, სულ 6 ათას ჰექტრამდე ფართობია დამუშავებული. აზიური ფაროსანასთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია და საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას. ასევე, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობაც და ქიმიურ პრეპარატებთან ერთად მავნებლის მექანიკური მეთოდებით განადგურება“- აღნიშნეს შეხვედრის დასასრულს წარმომადგენლებმა.