ტყის რესურსის მართვისთვის შესაძლოა, ახალი უწყება შეიქმნას

ტყის ახალ კოდექსს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე განიხილავს. 

როგორც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ BM.GE-ს განუცხადა, მთავრობამ კოდექსის პროექტი უკვე მოიწონა და ახლა საკანონმდებლო განხილვების ეტაპია. 

„პროექტი პარლამენტში უნდა შემოსულიყო, მაგრამ სამთავრობო ცვლილებები დაიწყო და ამიტომ ახლა გაჩერებულია. საკომიტეტო განხილვები სექტემბრიდან დაიწყება“, - განმარტა კახა კუჭავამ. 

რაც შეეხება ტყის ახალი კოდექსის შინაარსს, დეპუტატის ინფორმაციით, სატყეო რესურსის მართვის პრინციპები სრულიად იცვლება. 

„მართვის სისტემა იმას გულისხმობს, რომ თუ ადრე მხოლოდ სატყეო სააგენტო იყო, ახლა ასე აღარ იქნება და შეიძლება, აიპ შეიქმნას, რომელიც ტყეებს გადაიბარებს მოვლის კუთხით“, - განაცხადა კახა კუჭავამ. 

რაც შეეხება კერძო საკუთრებაში არსებული ტყეების მართვას, დეპუტატის ინფორმაციით, ვისაც კერძო ტყეები აქვს, ის მათ საკუთრებაში დარჩება, თუმცა გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილების პირობით. 

მისი განმარტებით, ტყის მართვის ახალი პრინციპები დაახლოებულია ავსტრიულ-გერმანულ მოდელთან.