ქობულეთის სოფელ ბობოყვათის სკოლის ეკოკლუბმა გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნა

ქობულეთის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა 17 ივნისი  - გაუდაბნოებასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. როგორც იცით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1994 წელს გამოაცხადა 17 ივნისი გაუდაბნოებასთან ბრძოლის დღედ. ყოველწლიურად ეს დღე სხვადასხვა სლოგანით აღინიშნება, წლევანდელი წლის სლოგანია: "მიწისა და წყლის დაცვა ჩვენი საერთო მომავლის გარანტია“. 

გაუდაბნოება ნაყოფიერი მიწების უდაბურ ადგილად გადაქცევის პროცესია, რაც იწვევს გვალვას, ტყის მასივების და სოფლის მეურნეობის დაზარალებას, საკვები რესურსების შემცირებას, შიმშილს, სიღარიბეს, ჯანმრთელობის გაუარესებას, მიგრაციას და სხვა. გაუდაბნოება აზარალებს მსოფლიოს და საჭიროა მოსწავლეებისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით.

გუნდის აქტიურ წევრებს დაევალათ მოსახლეობის ინფორმირება ამ დღის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. სამუშაო შეხვედრის შემდეგ მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მორწყეს მცენარეები და მათი წვლილი შეიტანეს გაუდაბნოებასთან ბრძოლაში.