გურული მოსწავლეების მიერ გავლილი ნიკო კეცხოველის გზა დაბა ნარუჯადან სვანეთის მთებამდე

გურიაში, ოზურგეთის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბი,, Nature’’-ს წევრებმა როცა ,,აღმოაჩინე ‘’საქართველოს’’ ფარგლებში სვანეთში ექსკურსია დაგეგმეს. ეკოკლუბის ხელმძღვანელმა ურჩია ექსკურსიაზე წასვლამდე, ნიკო კეცხოველის წიგნი ,,თოვლიან მთებში’’ წაეკითხათ, რომელიც ბავშვებს ბევრ საინტერესო ინფორმაციას მისცემდა საქართველოს ამ ულამაზესი კუთხის შესახებ. 

სვანეთში ნიკო კეცხოველმა პირველად 1925 წელს იმოგზაურა, ხელმეორედ კი 33 წლის შემდეგ ეწვია, ,,ვნახე ცადაზიდული უშბა, მკერდგანიერი შხარა, კეკლუცი თეთნულდი, წყალმრავალი ენგური, კოპწია სოფლები, ურიცხვი კოშკები. მოვისმინე დიდი ჰიმნი მზისადმი ,,ლილე’’ დავტკბი უჩვეულო რიტმის ცეკვებით, ერთი სიტყვით ვნახე რომანტიკის მხარე, სადაც იგრძნობა გარდასულ საუკუნეთა სუნთქვა’’, -ასე აღწერა ნიკო კეცხოველმა ულამაზესი სავნეთი. 

წაკითხულსა და გაგონილს თვალით ნანახი სჯობიაო და ეკოკლუბის წევრები ნიკო კეცხოველის გავლილ გზას დაადგნენ, ოზურგეთიდან- მესტიისაკენ, გზად ენგურჰესთან შეჩერდნენ ენგურის ჰიდროელექტროსადგური ხომ უდიდესი ჰესია ამიერკავკასიაში და სათავეს მარად ყინულოვან შხარაზე (კავკასიონის ქედი) ღებულობს. საინტერესოა, რომ ენგურის თაღოვან კაშხალს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. 

ბავშვებმა მესტიაში თვალი შეავლეს შხარას და უშბას, ნახეს სვანური კოშკები და მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი, რომელიც მუდამ ტურისტებითაა სავსე. ორი დღის განმავლობაში საოცრებათა მხარეს სტუმრობდნენ, ლაშქრობაც კი მოაწყვეს ჭალათის მყინვარზე, ხეობა ბილიკებით რომელიც ამწვანებული მდელოთი მოგზაურობით დაიწყეს და თოვლიანი მთებიც მოინახულეს, უამრავი სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს და ბევრი საინტერესო რამ გაიგეს ამ ულამაზესი ბუნების მქონე მხარის შესახებ.

როგორც ნარუჯელი მოსწავლეები ამბობენ, ეს იყო ორი დაუვიწყარი შთაბეჭდილებით აღსავსე დღე, რომელიც ეკოკლუბის წევრების მეხსიერებას დიდხანს გაჰყვება.