თბილისის 182-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ საშენ მეურნეობას ეწვივნენ

გოგიტა კიკნაძის სახელობის თბილისის 182 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ საშენ მეურნეობას ეწვივნენ, სადაც მეურნეობის სათბურში ხე-მცენარეთა გამრავლების მეთოდებს გაეცნენ. თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ, მათ თვითონვე დააკალმეს და დათესეს მცენარეები, რითაც მიიღეს პრაქტიკული გამოცდილებაც. 

მოსწავლეებმა საშენი მეურნეობის ადგილობრივი ველური ფაუნის ორნიტოფერმაში ენდემური სახეობის ფრინველებიც დაათვალიერეს. ტერიტორიაზე მოეწყო ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოში გავრცელებული ენდემური, იშვიათი სახეობის ფრინველთა და ცხოველთა, ასევე ენდემური და განსაკუთრებული ღირებულების მქონე ყურძნისა და ხორბლის ქართული ჯიშების ფოტოსურათები. ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნული სახეობებისა და ჯიშების შესახებ და ყურადღება გაამახვილა ქვეყნისთვის მათ მნიშვნელობასა და ღირებულებებზე. 

ბიომრავალფეროვნებისა და ენდემური სახეობების შესახებ დასმულ მოსწავლეების შეკითხვებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და სატყეო პოლიტიკისა და ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა უპასუხეს. ღონისძიება მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობასა და ბიომრავალფეროვნების ღირებულების, სასიცოცხლო გარემოსთვის მისი მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მეცნიერული მიდგომის ჩამოყალიბებას, ცოდნის გარღმავებას გარემოსდაცვით სფეროში.