ქარელის N2 სკოლის მოსწავლეებმა ადგილობრივი მერიის დახმარებით, სარკის მონასტრამდე მისასვლელი გზა დაასუფთავეს

19 მაისს შიდა ქართლში,  ქარელის N2 საჯარო სკოლის გუნდმა "სკაუტებმა" მოხალისე მოსწავლეებთან ერთად სარკის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრამდე მისასვლელი გზისა და მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია მოაწყო. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მოსწავლეები შეხვდნენ ქარელის მუნიციპალიტეტის მერს, ზაზა გულიაშვილს, გამოხატეს გულისტკივილი იქ არსებული ანტისანიტარიის გამო და სთხოვეს მას ქმედითი დახმარების გაწევა-აღჭურვა საჭირო აქსესუარებით (ხელთათმანებით, ტომრებით და ა.შ).ბატონმა ზაზამ მოიწონა იდეა და მოსწავლეებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. 

აქციაში აქტიურად ჩაერთო დასუფთავების სამსახური: სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ბატონი თამაზ თურმანიძე; მერიის მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების უფროსი, გიორგი ტიტვინიძე, რეინჯერები ხვიჩა მარღიშვილი და ავთანდილ სანდოძე. აქციის სახელწოდება იყო: მაღალი ეკოცნობიერება მაღალი მოქალაქეობაა!

სარკის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრამდე რამდენიმე წყაროა, სადაც მომლოცველები, უბრალოდ დამთვალიერებლები ჩერდებიან, აწყობენ პიკნიკს, ისვენებენ... სამწუხაროდ, ამგვარი ვიზიტების შემდეგ ეს ტერიტორიები საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ბინძურდება. ნაგვის ურნები ახლომდებარე სოფელშია (სოფელ ლეთეთში) განთავსებული და მიუხედავად ამისა, ნაგვითაა სავსე ეს უნიკალური ტერიტორია.