იმერეთის სოფელ სარეკის სკოლის მოსწავლეები ბრაკონიერობის წინააღმდეგ

იმერეთში, სოფელ სარეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს შეხვედრა საქართველოს მეთევზეთა კლუბის პრეზიდენტთან, ბატონ შოთა ჯოხაძესთან. შეხვედრა საჩხერის რაიონ სოფელ კვერეთის კალმახსაშენში შედგა,სადაც მან ბავშვებს აუხსნა პროექტის მნიშვნელობა და დეტალურად აჩვენა თუ როგორ ხდება ნაკადულის კალმახის მოშენება, მოსწავლეებმა დაათვალიერეს აუზები და ხელოვნურად შექმნილი ტბორი, სადაც სადედე და მდინარეში გასაშვები კალმახებია მოშენებული, ასევე ინკუპატორები სადაც ხდება ქვირითის განაყოფიერება და მათი აკვარიუმში გადაყვანა. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ასეთი პროექტი საქართველოში მხოლოდ სოფელ კვერეთის ხეობაში ხორციელდება. ბატონმა შოთამ ისაუბრა ბრაკონიერობით გამოწვეულ პრობლემებზე და რეგულაციებზე, აგრეთვე სპორტული თევზჭერის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე საქართველოში. მოსწავლეები შეუთანხმდნენ მას კვერეთის კალმახსაშენთან მემორანდუმის გაფორმებაზე და დაგეგმეს ერთობლივი ღონისძიებები: ბავშვები მიიწვიეს კალმახის ქვირითობის დროს კალმახსაშენში, ასევე დაგეგმეს ერთობლივი დასუფთავების აქცია. შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა და კალმახსაშენის ადმინისტრაციამ ერთობლივად დარგეს ჭნავის ხეები.