ტყის ხანძრის სერია, შეიძლება ითქვას, გაზაფხულიდანვე დაიწყო. ჯერ წლის ცხელი პერიოდი არ დამდგარა, მაგრამ ხანძრის რამდენიმე კერა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე გაჩნდა. რისკი ძალიან დიდია, პრევენციისთვის არაფერი კეთდება. შეიძლება წელს უფრო მეტი ტყე დაიწვას, ვიდრე შარშან.
მარტო აპრილში ტყის ხანძრის 3 შემთხვევა იყო. აქედან 2 წინა კვირას მთიან საქართველოში მოხდა. 25 აპრილს ხანძარი გაჩნდა აჭარაში, აბასთუმნის ტყეში. 26 აპრილს კი ხანძარს კობალტის ტყეშიც ებრძოდნენ. ხანძრის პირველი შემთხვევა 10 აპრილს რაჭაში მოხდა, შარლოთის ტყეში ხანძარი დროულად ჩააქრეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ეკოლოგები ეჭვობენ, რომ ცეცხლი, შესაძლოა, ხელოვნურად გააჩინეს.
მიუხედავად გრილი ამინდისა, ხანძრის სეზონი, ფაქტობრივად, დაწყებულია. ამ ტემპით თუ გაგრძელდა, წარმოდგენაც კი ძნელი იქნება, თუ რა საფრთხის წინაშეც შეიძლება აღმოვჩნდეთ ზაფხულის განმავლობაში.
2017-მა წელმა ყველაზე მეტად სწორედ ტყის ხანძრებით დაგვამახსოვრა თავი და მსგავსი საფრთხე წელსაც ნაადრევად გამოიკვეთა.
2017 წლის აგვისტოს ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით 30-მდე ტყის ხანძარი გაჩნდა. განსაკუთრებით გახშირდა აგვისტოში, მათ შორის კი ყველაზე ძლიერი ხანძარი 20 აგვისტოს ბორჯომის ხეობაში იყო, როცა 100 ჰექტარზე მეტი ტყის ფართობი დაიწვა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მონაცემების მიხედვით, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველოში ტყის ხანძრის 300 შემთხვევა აღირიცხა, რის შედეგადაც განადგურდა 3 769 ჰექტარი.
ეკოლოგი ნინო ჩხობაძე "ბიზნეს-რეზონანსთან" ტყის ხანძრის სპეციფიკურ ბუნებასა და მასთან ეფექტურად ბრძოლის გზებზე საუბრობს; ასევე, იმ მიზეზებზე, თუ რატომ წარმოიშვა ხანძრის რამდენიმე შემთხვევა ცხელი ზაფხულის დადგომამდე. ჩხობაძე დაუფარავად ამბობს, რომ მომავალში მეტი საფრთხეა მოსალოდნელი.
"მართლაც ნაადრევად გაჩნდა ხანძრები საქართველოს ტყეებში, როცა "სეზონი" ჯერ კიდევ არ არის დამდგარი, რაც ძალიან დიდ ეჭვს აღძრავს. თანაც ისეთ ადგილებში გაჩნდა ცეცხლი, სადაც მიუვალი ტყეებია. ბოლომდე არც არის დადგენილი, რა იყო მიზეზი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ეს ადამიანის ჩარევის გარეშე არ მომხდარა.
ზოგადად, ტყის ხანძრები ასეთი მასშტაბებით არ იყო დამახასიათებელი საქართველოსთვის, მაგრამ ბოლო პერიოდში აშკარაა კლიმატური ცვლილებები და ტყის სხვადასხვა ადგილას აალება, რასაც სერიოზული მიხედვა სჭირდება.
როგორც წესი, კლიმატის გლობალური ცვლილება დგება სხვადასხვა ინდიკატორით, მათ შორის ერთ-ერთი შეიძლება იყოს ხანძარი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი ეკოსისტემა არის გამომშრალი. ზამთარში საქართველოში, თოვლს ვინღა ჩივის, წვიმაც არ იყო, ჩაიხუთა ჰაერი (განსაკუთრებით წიწვოვანებში) და გამომშრალ ფენაში საკმარისია ერთი ნაპერწკალი, რომ ხანძარი წარმოიშვას.
შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ხანძრები იქნება და, სამწუხაროდ, ეს ეტაპი დაწყებულია. მომავალში მეტს უნდა ველოდოთ. პრევენციისთვის არაფერი კეთდება, არადა, აუცილებელია ტყის ხანძრების საწინააღმდეგო ღონისძიებები, რასაც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო მოსახლეობის მხრიდანაც", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ნინო ჩხობაძემ.
ცალკე თემაა დივერსია, რაზეც წინა წელს აქტიურად საუბრობდნენ, მაგრამ არც ერთი მსგავსი ფაქტი ოფიციალურად არ დადასტურებულა და არც გამოძიება დასრულებულა.
არასამთავრობო ორგანიზაცია cenn-ის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი განმარატავს, რომ საქართველოში ტყის მასივის დიდი ნაწილი დეგრადირებულია, რაც ხანძრის რისკს ზრდის.
"აპრილში ხანძრის 3 შემთხვევა არის სიმპტომი, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. წინა წლის ხანძრების დინამიკიდან გამომდინარე, ცუდი გამოცდილება გვაქვს. ზაფხული ჯერ არ დამდგარა და უკვე მოხდა ხანძრის ერთეული შემთხვევები, რაც გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფო განსაკუთრებით უნდა მოემზადოს წლევანდელი სეზონისთვის და სწორად დაიჭიროს თადარიგი.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ადგილებს, სადაც ხანძრის გაჩენის საფრთხე მაღალია. ამისთვის გამოსაყენებელია ყველაფერი, რაც პრევენციას შესაძლებელს გახდის, ასევე, ადამიანური და ფინანსური რესურსის მობილიზება, რათა შარშანდელი მოვლენები არ განმეორდეს.
რაც შეეხება დივერსიას, იგი არ დადასტურებულა, თუმცა ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ხანძრის გაჩენისა. ბევრი სხვა ფაქტორიცაა, რაც ხელს უწყობს ხანძრის გაჩენას. თუ ხელოვნურად ჩნდება ხანძარი, ეს შეიძლება იყოს კვალის დაფარვის მიზნითაც, ამიტომ როცა კრიმინალთან გვაქვს საქმე, ფრთხილად უნდა ვიყოთ.
ტყე ძალიან დეგრადირებულია და ზაფხულში, როცა ბალახოვანი საფარი ხმება, ადვილად აალდება. ჯანსაღი ეკოსისტემა კი თვითონ იცავს ტყეს ნებისმიერი ბუნებრივი პრობლემისგან, მათ შორის ხანძრისგანაც. ამისთვის არსებობს ტყეში საკმაოდ ძლიერი და ჯანსაღი ბიომასა და მწვანე ბალახი. რაც მეტი ნაკადულია ტყეში და რაც ჯანსაღია ტყე, ხანძრის რისკი მცირეა, მაგრამ ჩვენი ეკოსისტემის დიდი ნაწილი დეგრადირებულია და ცეცხლიც ადვილად ჩნდება", - აცხადებს გეთიაშვილი და დასძენს, რომ რისკის შესამცირებლად სახელმწიფოს მხრიდან ხანძარსაწინააღმდეგო ზომები დროულად არის მისაღები.
სახელმწიფოს დიდი მცდელობის მიუხედავად, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები ყველგან ვერ ხორციელდება და ამას სჭირდება სერიოზული ფინანსები, რაც ჯერჯერობით არ არის. საფრთხე კი დიდია. ტყეში ყველა შედის, ყველა მოძრაობს, მაგრამ რისკი ძალიან ცოტას აქვს გაცნობიერებული. ხანძარს ისიც უწყობს ხელს, რომ სატყეო ღონისძიებები სტანდარტის დაცვით არ მიმდინარეობს.
"ელემენტარულად, ტყის ჭრა ავიღოთ. მოჭრილი მერქნის 40% ადგილზე რჩება, რამაც შეიძლება ხანძრის პროვოცირებას შეუწყოს ხელი. ბევრი პრობლემაა და ჩვენ ხანძრის უსაფრთხოების ელემენტარულ ნორმასაც არ ვიცავთ. მაგალითად, ცეცხლი არ დავანთოთ ან თუ დავანთებთ, ჩავაქროთ. სიგარეტის ნამწვი არ დავაგდოთ ტყეში და სხვა, რასაც სათანადო ყურადღება არ ექცევა.
ინფრასტრუქტურაც მოუწყობელია, არ გვაქვს რეკრეაციული ზონები, სადაც შესაძლებელი იქნება ცეცხლის დანთება. არ არის სატყეო გზები, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკები და ა.შ. ამ პრობლემების მოგვარება მოკლე დროში შეუძლებელია. პირველ რიგში, უნდა მოხდეს რესურსების მობილიზება, რითაც შევძლებთ ხანძრისთვის წინააღმდეგობის გაწევას", - აღნიშნა გეთიაშვილმა "ბიზნეს-რეზონანსთან".