საინფორმაციო სააგენტო „პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია სოფელ მუხათწყაროს გზაზე წიწვოვანი ხეების მოჭრის შესახებ. „პირველის“ მიერ მოძიებული ინფორმაციით, ლისის ტბის მიმდებარედ, სოფელ მუხათწყაროს გზაზე, დაახლოებით 50-ზე მეტი წიწვოვანი, ძირითადად ფიჭვის ხე მოჭრეს.
როგორც მერიაში "პირველს" განუცხადეს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ მუხათწყაროს გზაზე, წიწვოვანი ხეები ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ნებართვის საფუძველზე მოჭრა.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხათწყაროს მიმდებარედ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით ხე-ტყის ჭრის ფაქტი გამოავლინეს.
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კონტრაქტორი კომპანია შპს „ბათუმის ბიზნეს აკადემია“-ს მიერ, მოჭრილია 110 ძირი ხე, აქედან 103 - ფიჭვის სახეობის, 6 - თუთის სახეობის და 1- იფანის სახეობის ხე. მოჭრილი ხეებიდან არცერთი არ შედის წითელ ნუსხაში.
მოჭრილი მერქნული რესურსების ოდენობიდან გამომდინარე, შესაძლოა საქმე შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს გადაეგზავნოს.
ამ ეტაპზე, დგინდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.