გამოკითხვა: რა სჯობს გლეხისთვის, შეშა თავად დაამზადოს, თუ მზაში 80 ლარი გადაიხადოს?

მთავრობის დაანონსებული ცვლილებების მიხედვით, გლეხი ტყეში შეშას ვეღარ დაამზადებს და დამზადებულ მერქანს, ერთ კუბურ მეტრს 80–85 ლარად იყიდის. ადიგენში, სოფელ არალში, მოსახლეობას მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით სხვადასხვა პოზიცია აქვს;

ტყით სარგებლობის წესში საშეშე მერქნის დამზადებასთან დაკავშირებით ცვლილებები უკვე შევიდა, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ საბიუჯეტო ორგანიზაციებს ეხებათ. მათი წარმომადგენლები ტყეში ვეღარ შევლენ, მათ სატყეო სამსახური დაუმზადებს მერქანს და ადგილამდე მიუტანს. ერთ კუბამეტრში კი ორგანიზაციებს 80–85 ლარის გადახდა მოუხდებათ. 

საქართველოს ეროვნული სატყეო სამმართველოს უფროსის ნათია იორდანიშვილის განცხადებით, მსგავსი ცვლილების შეტანა მოსახლეობასთან დაკავშირებითაც იგეგმება.

„გვინდა, რომ წელსვე შევთავაზოთ მოსახლეობას დამზადებული საშეშე მერქნის ადგილამდე მიტანა. ეტაპობრივად კი სოციალური ჭრის მექანიზმი საერთოდ მოვსპოთ. საშეშე მერქნის ფასის დადგენის პრაქტიკა უკვე გვაქვს საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის, რა მნიშვნელობა აქვს შეშას საბიუჯეტო ორგანიზაციას მიუტან თუ ნებისმიერ ადგილობრივს. ამიტომ ერთი კუბამეტრის ღირებულება მოქალაქეებისთვისაც 80–85 ლარი იქნება“, – აცხადებს იორდანიშვილი. 

სოფელ არალში სადაც 500 კომლზე მეტი ცხოვრობს, გაზით კი დაახლოებით 70–მდე ოჯახი თბება, მთავრობის დაანონსებულ ცვლილებას სხვადასხვაგვარად აფასებენ. ნაწილს დამზადებული შეშის სახლამდე მიტანის სერვისის დანერგვა მოსწონს, რადგან თვითონ დამზადება უჭირს, თუმცა ფასი ეძვირება. ნაწილს კი შეშის დამზადება ისევ თავად ურჩევნია. 

წყარო: სამხრეთის კარიბჭე