დღეს, 9 მარტს, თბილისში, სივრცე "ფაბრიკა"-ში (მისამართი: თბილისი, ნინოშვილის N8) ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ბოლო ნახევრფინალური ტური გაიმართება. ტურში მონაწილეობას სკოლები კახეთიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთიდან და ქვემო ქართლიდან მიიღებენ.
ყოველწლიური სასკოლო პრემია 2015 წელს დაფუძნდა. ოთხი წლის განმავლობაში კონკურსში ათასამდე სკოლა და ასზე მეტი პარტნიორი ორგანიზაცია მონაწილეობდა. კონკურსი მოიცავდა გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებას სათემო, მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე.
მონაწილე სკოლები მთელი წლის განმავლობაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კვლევასა და ადვოკატირებაში, განვითარების პროგრამების შემუშავებაში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში, სოციალური პასუხისმგებლობის, გარემოსდაცვითი განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოსთან მეგობრული დამოკიდებულების პოპულარიზაციაში. პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ ოკუპირებული შიდა ქართლის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის პირას არსებული სოფლების სკოლები.
პროექტი ხორციელდება CENN–ის მიერ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს პარლამენტის თანაორგანიზებით. პროექტის მხარდამჭერები არიან საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციები, სამხარეო ადმინისტრაციები, თვითმმართველობები, ასევე კერძო კომპანიები.
წლევანდელი კონკურსის 128 ნახევარფინალისტი სკოლიდან, დღეს ნახევარფინალში ზემოთხსენებული 4 რეგიონს 18 სკოლა წარმოადგენს.