ახალციხის N5 საჯარო სკოლის ეკოკლუბი "შუაღამის მზე" ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო დისტანციურად ახორციელებს საკუთარ აქტივობებს. წარმოდგენილი აქტივობა ეხება ასაკოვან გმირ ქალს, მოსწავლეების მიერ "ცოცხალ საუნჯედ" წოდებულ მარიამ ჟუჟუნაძეს - მარო ბაბოს. ეკოკლუბი გაესაუბრა მარიამის შვილს - დარეჯან ჟუჟუნაძეს და გაეცნენ მარო ბაბოს მოღვაწეობის ისტორიას.
ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც 7-8 წლის ასაკში მარო ბაბოს მატყლის დამუშავება ასწავლეს. იგი ამ დრომდე ახალგაზრდებს ასწავლის მატყლის დამუშავებას. სწორედ მარიამ ჟუჟუნაძემ დააარსა მუსხის სკოლა-მუზეუმი, სადაც ახალციხის სოფლებში შეგროვებულ ეთნოგრაფიულ ნიმუშებთან ერთად მისი ნაქსოვი ხალიჩები და ფარდაგებიც შეგხვდებათ.
თაობის ტრადიციების შესახებ ცოდნის გადაცემა, ქართული არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვა, არაერთი კულტურული ღონისძიება, არტ-გენის დაარსებიდან დღემდე აქტიურად მონაწილეობა, 70 წელი ხალიჩებისა და ფარდაგების ქსოვაში, ეს და კიდევ სხვა მნიშნელოვან როლს თამაშობს მარო ბაბო მესხეთის ცხოვრებაში. 2015 წელს მარო ბაბოს მიენიჭა საუკეთესო მასწავლებლის წოდება რეწვის დარგში.
იგი ხშირად ამბობს ინტერვიუებში, რომ მისი უპირველესი ოცნება მესხური ფოლკლორის შექმნა იყო. ასევე სურდა მატყლის დამუშავების ტექნიკაც შეესწავლებინა მსურველთათვის. ის ყვება, რომ მისი მოსწავლეები თავდაუზოგავად შრომობენ, რათა ღირსეულად განაგრძონ მარო ბაბოს გზა. თანასოფლელები ყვებიან, რომ მარო ბაბოს უდიდესი წვლილი მიუძღვის სოფლის აღორძინებაში.
მარიამ ჟუჟუნაძის დაარსებული სკოლა-მუზეუმის მსგავსი მთელ ქვეყანაში არ არსებობს. აქ სწავლობენ ბავშვები თექის მოთელვას, ხალიჩებისა და ფარდაგების ქსოვას, რომლებსაც მათ მიერვე დამზადებული ბუნებრივი საღებავებით შეღებავენ. არაერთი თაობა აღუზრდია მარო ბაბოს. იგი ყველას ასწავლის უფასოდ, მისთვის მთავარია არ დაიკარგოს ტრადიცია.
როდესაც ქალაქ ახალციხეს ტურისტები სტუმრობენ, ძირითად შემთხვევაში ისინი აუცილებლად მუსხის მუზეუმსაც ეწვევიან ხოლმე და მათ განცვიფრებას საზღვარი არ აქვს. მარო ბაბოს ყველა იცნობს, ყველა ეფერება. მარო ბაბო წლების განმავლობაში აგროვებდა თავის ნაშრომებს და ძალიან უნდა, რომ ახალ თაობაში ცოცხლობდეს ძველი მესხური სული.
"ეს მუზეუმი მინდა სულ იყოს და მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდეს. ტრადიცია უნდა გადაეცეს ახალ თაობას და გამიხარდება თუ მომავალშიც იტყვიან, რომ ეს არის მარო ბაბოს ნახელავი და მარო ბაბოსგან დატოვებული" - ამბობს მარიამ ჟუჟუნაძე.
2018 წელს მარო ბაბო ახალციხის საპატიო მოქალაქის წოდების მფლობელი გახდა.