მწვანე „ცათამბჯენები“ ეს არის 100 მეტრამდე სიმაღლის, ევკალიპტის მარადმწვანე ხემცენარეები. სხვა მცენარეებისგან განსხვავებით, ევკალიპტები, მრავალი საინტერესო თავისებურებებით ხასიათდებიან.
დედამიწაზე ბევრი არ მოგვეპოვება ფლორის სხვა წარმომადგენელი, რომლებიც ევკალიპტების მსგავსად, დამოუკიდებლად იცვლიან ქერქს; ნაცვლად ფოთლებისა, ღეროს ქერქი ცვივათ; ვარჯი არ წარმოქმნის ჩრდილს, აორთქლებენ დიდი რაოდენობით წყალს, აშრობენ დაჭაობებულ ნიადაგებს და ა.შ.
ევკალიპტის გვარის მეცნიერული სახელწოდება შემოთავაზებული იქნა 1788 წელს, ფრანგი ბოტანიკოსის, ბრიუტელის (Charles Louis L'Héritier de Brutelle) მიერ, რაც ბერძნულიდან - εΰκάλυπτος -სგან მომდინარეობს, εΰ- ნიშნავს „კარგად“, „კარგი“, καλύπτω-ს კი „ვფარავ“, „დამალვა“, დაკავშირებულია ჯამის ფოთოლაკებით კოკრების დაფარვასთან.
ევკალიპტების სამშობლო ავსტრალია და მიმდებარე პატარა კუნძულებია, თუმცა ფართოდაა გაშენებული მთელს მსოფლიოში. ევროპელებმა საფრანგეთში XIX ს-ის 50-იან წლებში შეიტანეს. მას შემდეგ ეს მწვანე „ცათამბჯენები“, „ბუნებრივი ტუმბოები“ და „მიკრობების მშთანთქმელები“ ფართოდ გავრცელდენ მსოფლიოში.
საქართველოში პირველი ეგზემპლარები შემოტანილია XIX ს-ის ბოლოს. ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ინტროდუცირებულია 45 სახეობა. შავი ზღვის სანაპირო ზოლში მასიურად გავრცელებულია სამი სახეობა: ვერცხლისფერი/ფერფლისფერი(Eucalyptus cinerea F.Muell.), წნელისებრი (Eucalyptus viminalis Labill.) და სფერული (Eucalyptus globulus Labill) ევკალიპტი. ისინი კარგად ეგუებიან ბუნებრივ - კლიმატურ პირობებს. თუმცა, 1949-1950 წლებში მოსული უხვი ნალექისა და ყინვების გამო ევკალიპტების პლანტაციების უმეტესობა გაიყინა და განადგურდა. მხოლოდ ერთეული ღეროეები შემორჩა. 1985 წელს ზოგიერთ სახეობაზე გაიყინა ფოთლები და მიმდინარე წლის ნაზარდები (ახალი ყლორტები). 2020 წლის ყინვებმა ევკალიპტების ცალკეულ სახეობებზე და გავრცელების ზოგიერთ ადგილებზე ასევე დააზიანა ფოთლები და მიმდინარე წლის ნაზარდები.
ევკალიპტები სწრაფმზარდი მცენარეებია. სიცოცხლის პირველ წელს სიმაღლეში შეიძლება 3 დან 5-მეტრამდე გაიზარდოს. მისი მერქანი მაგარი და გამძლეა, თითქმის არ ლპება და არ ალდება. ავსტრალიაში ხშირია ხანძრები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ევკალიპტის ტყეებს, მაგრამ ევკალიპტებს თავისებური სტრუქტურის გამო შეუძლიათ გადარჩენა. ქერქის ქვეშ, ღეროებზე და ტოტებზე, ჩამალული კვირტები ხანძრის შემდეგ იწყებს ზრდას და მცენარის შემოსვას ფოთლებით. ამიტომ ხანძრების შემდეგ ევკალიპტის ხეების უმრავლესობა აგრძელებს არსებობას. უფრო მეტიც, მიწაზე ჩამოცვენილი თესლები იწყებენ გაღივებას, გაზრდას და იძლევიან ახალ აღმონაცენებს.
ზაფხულის განმავლობაში მცენარის ღეროზე გამომშრალი ქერქის გარეთა ფენა თანდათან მუქდება, იშლება და გრძელი ლენტების სახით მიწაზე ცვივა. ამის შემდეგ ღერო ხდება პრიალა და სახეობის მიხედვით სხვადასხვა ფერს ღებულობს. შეიძლება იყოს თეთრი, მომწვანო, მოყვითალო, მოცისფრო და მოწითალო. ფერადი ღეროს მქონე სახეობას ცისარტყელა ევკალიპტსაც უწოდებენ. ზოგიერთი სახეობის ღერო მონაცრისფრო-მოთეთრო ფერს ღებულობს, თითქოს შიშვლდება. ამ თვისების გამო მოსახლეობა მას „უსირცხვილოს“უწოდებს.
ევკალიპტის შემდეგ უცნაურობას წარმოადგენს ფოთოლის ფორმა და განლაგება. ერთ ხეზე სხვადასხვა ტოტებსა და ყლორტებზე იზრდება სხვადასხვა ფორმის და ფერის ფოთლები. ახალგაზრდა ყლორტებზე რბილი, მომრგვალო ფორმის, ცისფერი ნაფიფქით დაფარული ფოთლები ვითარდება, რომლებიც თანდათანობით ღებულობს მოგრძო ფორმას. ძველ ყლორტებზე კი ფოთლები უხეში და მოგრძოა. ამასთან ეს ფოთლები არაჩვეულებრივად იქცევიან, ისინი მზისკენ ნაცვლად ფირფიტის ზედაპირისა, კიდეებით არიან მიმართულები, ამიტომ დიდი ვარჯის მქონე მცენარეებიც კი ნაკლებ ჩრდილს იძლევა.
თავისებურია ევკალიპტების ყვავილობაც. მცენარე მეოთხე-მეხუთე წელს იწყებს ყვავილობას. თავდაპირველად ყვავილის ყუნწზე წარმოიქმნება მომრგვალო ფორმის კოლოფი, რომლის წვერში ჩანასახოვანი მტვრიანები დაფარულია შალითით. ზრდის შემდეგ კოლოფი იწყებს გამერქნებას, ხოლო შალითის ქვემოდან ვითარდება და იშლება ძაფისებური მტვრიანები. სხვადასხვა სახეობის ყვავილები სხვადასხვა ფერისაა: თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი, კაშკაშა წითელი. ყვავილს აქვს სასიამოვნო არომატი. ყვავილობის შემდეგ ყვავილის ადგილზე წარმოიქმნება ნაყოფები. სხვადასხვა სახეობის ევკალიპტების ნაყოფები განსხვავებული ფორმისაა, ძირითადად კი გვხვდება პატარა ზარების მსგავსი, დახურული ნაყოფები, რომლის შიგნით მოთავსებულია თესლები. თესლის მომწიფება ხანგრძლივად, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ ინახება რამდენიმე წლის განმავლობაში.
ევკალიპტი ჭარბტენიან ნიადაგზე, ტბების, მდინარეების და ზღვის სანაპიროებზე იზრდება. ავსტრალიის ბინადარნი ამბობენ: „თქვენ თუ ხედავთ მაღალ ხე მცენარეებს, ცისფერი/ნაცრისფერი ღეროებით, ესეიგი მათთან ახლოს იმყოფება მდინარის კალაპოტი“. ზოგჯერ ევკალიპტებს „ხე ტუმბოებს“ უწოდებენ. მცენარის ფესვთა სისტემა ნიადაგიდან დიდი რაოდენობით ტენს იწოვს და აორთქლებს ფოთლების საშუალებით. დაუდასტურებელი ლიტერატურული წყაროების მიხედვით, მცენარე სხვადასხვა რაოდენობის წყალს აორთქლებს. ზრდადასრულებული ცალკე მდგომი მცენარე წელიწადში 30-100 ტონამდე წყალს აორთქლებს. ერთ ჰექტარი ფართობის ევკალიპტების ტყე კი 12 მილიონ ტონამდე.
ადამიანებმა უხსოვარი დროიდან შეამჩნიეს, რომ ევკალიპტის ტყეებში სუნთქვა გაადვილებული და სასიამოვნოა. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ევკალიპტები გამოყოფენ მფრინავ ფიტონციდებს, თავისებურ „მფრინავ ანტიბიოტიკებს“, რომლებიც შეიცავს ორგანულ ნივთიერებებს, დამახასიათებელი ანტიმიკრობული თვისებებით. ფოთლებისგან გამოყოფილი ფიტონციდები სასარგებლოდ მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე. კვლევებმა დაადასტურა, რომ ყველაფერ ამის მიზეზი არის ეთერზეთები, რომელსაც შეიცავს ფოთლები და ყლორტები. სწორედ აღნიშნული თვისებების გამო ევკალიპტებს ფართოდ აშენებდნენ დაჭაობებულ და ჭარბტენიან ნიადაგებზე სადაც მასიურად იყო გავრცელებული მალარიის გადამტან კოღოები.
ევკალიპტი გამოიყენება გემების, კაშხალების, ავეჯის, სახლების მშენებლობისთვის. ამზადებენ ქაღალდს. ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, პარფიუმერიაში, ფარმაცევტულ წარმოებაში, სუნამოების, საპნების, მალამოების, ლაქების დასამზადებლად.