პროექტის - „ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში“ შესახებ რეგიონალური შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო „ვერე პალასში“ პროექტის - „ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში“ შესახებ რეგიონალური შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, პროექტში ჩართული ქვეყნების: საქართველოს, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის წამომადგენლებმა, შემუშავებული ტყის მდგრადი მართვის ეროვნული კრიტერიუმები და ინდიკატორები წარმოადგინეს. ასევე, გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის(FAO) ტყის მონიტორინგის სპეციალისტთა ჯგუფმა, პროექტში მონაწილე ქვეყნებს გამოცდილება გაუზიარეს, რაც გათვალისწინებული იქნება ტყის მდგრადი მართვის სისტემის შემუშავების პროცესში, რომელიც მომავალში გამოიყენება ტყის მართვის მონიტორინგისთვის, ეროვნული და საერთაშორისო ანგარიშგებისთვის. 

შეხვედრას გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და UNECE/FAO-ს 7 ქვეყნის წარმომადგენელი (პოლონეთი, ფინეთი, შვეიცარია, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ნორვეგია, რუსეთის ფედერაცია) ესწრებოდა.