ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კოლხეთის ეროვნული პარკიდან 127 მეტრში - ემუქრება თუ არა საფრთხე ეკოლოგიას?

 

ხობის რაიონში, ყულევის ტერიტორიაზე, მილიარდ ლარად შეფასებული ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. როგორც აღმოჩნდა, მშენებლობაზე საბოლოო ნებართვა ჯერ გაცემული არ არის. საქმე ეხება გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის დადებით დასკვნას, რომლის მიღებამდე მშენებლობის დაწყება კანონით დაუშვებელია. როგორც თავად პროექტის წარმომადგენელი,  შპს „ფაზის ოილის“ დირექტორი გია შავდია აცხადებს,  ნებართვა გაცემულია ქარხნის მშენებლობაზე და ის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.  გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით კი მუშაობა არ დასრულებულა, თუმცა პროცესი კიდევ მიმდინარეობს.

რაც შეეხება თავად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხს, როგორც გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ბერაძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ქარხნის მშენებარე კომპანიამ სამინისტროში გარემოს ზემოქმედების შეფასების ანგარიში წარმოადგინა, თუმცა სამინისტროს მხრიდან არაერთი შენიშვნა გამოვლინდა. შედეგად, კომპანიას მიეცა გონივრული ვადა გამოასწოროს ხარვეზები. სწორედ ამ პროცესის შემდეგ ხდება საბოლოო ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემაც.

სანამ საბოლოო ეკოლოგიური ექსპერტიზა არ გაიცემა, მშენებლობის დაწყება დაუშვებელია. ეს ხდება სწორედ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესწავლის შემდეგ.  საქმის განმახორციელებელმა კომპანიამ ჯერ მხოლოდ პირველი ეტაპი გაიარა, ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კომპანიას საკმაოდ ბევრი შენიშვნები გაეგზავნა და სანამ მას არ გამოასწორებს, მშენებლობას ვერ დაიწყებს — აღნიშნვს ბერაძე.

მისივე თქმით, შენიშვნები დაფიქსირდა არაერთი მიმართულებით. ესენია: ქარხნის მშენებლობა დაცულ ტერიტორებთან ახლოს („კოლხეთის ეროვნული პარკი“), ტყის ფონდში საქმიანობის განხორციელება,  ბიომრავალფეროვნების შეფასება და ასე შემდეგ

„ვადასტურებ, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ნამდვილად ძალიან ახლოს, 127 მეტრში შენდება „კოლხეთის ეროვნული პარკისგან“. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია კომპანიამ სრულად შეისწავლოს საწარმოს ზეგავლენა გარემოზე და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინოს“,- განმარტვას ბერაძე.

იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ ტერიტორიასთან ახლოს „კოლხეთის ეროვნული პარკი“ მდებარეობს, „კომერსანტი“ დაინტერესდა, რამდენად რენტაბელურია ზოგადად მშენებლობის დაწყება ყულევში. სპეციალისტებმა არსებებული ვითარება სკეპტიკურად შეაფასებს.  როგორც „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე აღნიშნავს, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქარხნის ფუქნციონირებამ  შესაძლოა არაერთი პრობლემა წარმოშვას.  

„იქ არის „კოლხეთის ეროვნული პარკი“ და ასევე შენდება მასშტაბური ობიექტი-ფოთის პორტის სახით. ამასთან, ამ ტერიტორიაზე  არამდგრადი გრუნტია და ძალიან ახლოსაა მიწისქვეშა წყლებიც, რაც პრობლემაა. ძალიან დიდი თანხა იქნება საჭირო იმისთვის, რომ არაფერი დაზიანდეს და რამდენად ღირს ან რამდენად რენტაბელურია ამის შემდეგ  მშენებლობა, ეს საეჭვოა. დავამატებ, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დადებითი დასკვნა თუ არ იქნა, შესაძლოა დაირღვეს რამსარის კონვენციაც (კონვეცია, რომელიც იცავს საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგის ტერიტორიებს), რომელიც უმძიმესი წესდებაა და თუ მას დაარღვევ გაეროდან გრიცხავენ“,-აღნიშნავს ჩხობაძე.

შესაბამისი დოკუმენტაციის სავალდებულო წარდგენაზე ამახვილეს ყურადღებას  „მწვანეთა პარტიის“ გენერალური მდივანი და ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძეც. მისი თქმით, გარემოს დაცვის შეფასების კოდექსის მიხედვით,  ნედლი ნავთობის გადამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა კატეგორიულად მოითხოვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასკვას. წინააღდეგ შემთხვევაში მშენებელობაზე ნებართვის გაცემა დაუშვებელია. 

ხობში, ყულევის ტერიტორიაზე მილიარდ დოლარიანი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის დაწყება სექტემერში იგეგმება. ამის შესახებ ფოთის ადმინისტრაციულ შენობაში საჯარო განხილვაზე  საზოგადოებას შპს „ფაზის ოილის“ თავმჯომარემ გაი შავდიამ განაცხადა. ცნობილია, რომ ქარხნის წარმადობა გათვლილია 4 მლნ ტონა ნავთობის გადამუშავებაზე და ის აწარმოებს „ევრო 5 სტანდარტის, ან მისი ეკვივალენტური, ან საქართველოს კანონმდებლობთ დადგენილი სტანდარტების მსუბუქ და საშუალო დისტილატებს და სხვა ნავთობპროდუქტებს.