კისისხევის ქვაბები - ნიკო კეცხოველის გზით

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლის ეკოკლუბი "მწვანეები" გაეცნენ ნიკო კეცხოველის ერთ-ერთ წიგნს "ცხრათვალა მზის ქვეშ", რომელიც კახეთის ტურს ეხება. ავტორი აღწერს ალაზნის ველის, ცივ-გომბორისა და დავით გარეჯას სანახებს. ეკოკლუბის წევრებმა გადაწყვიტეს ნიკო კეცხოველის განვლილი გზის იმ მონაკვეთის დალაშქვრა, რომელიც დავით გარეჯასთანაა დაკავშირებული. 

ძველად სოფელი კისისხევი დავით გარეჯასა და იერუსალიმის ხელდებული სოფელი ყოფილა, რასაც ადასტურებს იერუსალიმის არქიმანდრიტ პროკოფიოსის მიერ გაცემული სიგელი. კისისხევი ძველ წყაროებში მოხსენიებულია "ქრისტეს საფლავის მიწად", რაც მიგვანიშნებს, რომ ამ საეკლესიო სოფელში დაცული უნდა ყოფილიყო ქრისტიანული სიწმინდეები.

კისისხევის სკოლის ეკოკლუბელები აღმა შეუყვნენ მდინარე კისისხევს, გაიარეს ტოპონიმები -"ღვთისმშობლის ჭალა", "თეთრაანი", ნასოფლარ-ნაქალაქარი "ირმაჯვარი" და გამოჩნდა პიტალო კლდეებში ნაკვეთი "ქვაბები". კისისხევის ტყიდან საცალფეხო ბილიკი დავით გარეჯას უდაბნოსთან მიდის, ეს არის უმოკლესი გზა, რომლის საშუალებითაც  სურსათით ამარაგებდნენ გარეჯის მონასტერს. 

გამოქვაბულები პირობითად სამ უბნადაა დაყოფილი. არის 1, 2 და 3-სართულიანი გამოქვაბულებიც. ადრე ხალხი აქ 80-ზე მეტ გამოქვაბულს ითვლიდა, აქვეა კლდეში ნაკვეთი ეკლესია, ტალანებთან და პატარა სენაკებთან ერთად, გვხვდება თახჩები, საწოლები, პროდუქტის შესანახი ორმოები და სხვა, რომლებიც  სამწუხაროდ თანდათან იშლება და ნადგურდება, მათი გაწმენდა ჩამოშლილი ღორღისგან ბევრ საინტერესო საიდუმლოს ახდიდა ფარდას.

"ქვაბების" ძირაში უამრავი საუკეთესო სასმელი წყაროები გადმოჩქეფს, რითაც სოფელი მდიდარია, ხოლო ტყიანი ზოლის შუაწელზე აღმართულია მე-6 საუკუნეში აგებული კონდამიანის სამნავიანი გუმბათოვანი ტაძარი , რომელიც მიწისქვეშა გვირაბით უკავშირდებოდა "ქვაბებს".

ეკოკლუბელები ფიქრობენ, რომ ეს ულამაზესი სანახები ბევრ ტურისტს მიიზიდავს, თუ ვინმე ითავეს მის მოვლა-პატრონობას.