ქალაქ ახმეტის N1 საჯარო სკოლამ ხელოვნების პედაგოგის მარინე აბულაძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით განახორციელა სასწავლო - შემეცნებითი პროექტი "გაიცანი შენი სამშობლო", რომელიც მოიცავს გასვლით ტურებს.
პროექტის ფარგლებში 29 თებერვალს განხორციელდა პირველი გასვლითი ტური ძველ თბილისში. ტურის სახელწოდება იყო "ტოლერანტული საქართველო".
ეკოკლუბის წევრმა მე-9 კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ძველ თბილისში თავმოყრილი სხვადასხვა რელიგიური ნაგებობა: მეჩეთი, სინაგოგა, გრიგორიანული, კათოლიკური და ქართული მართლმადიდებლური ტაძრები, გაეცნნენ მათ ისტორიას, რელიგიურ მიმდინარეობებს, არქიტექტურულ სტილს, ინტერიერსა და ექსტერიერს.
ახმეტელმა მოსწავლეებმა გასვლითი თემატური ტური რიყის პარკში დაასრულეს.