ბულაჩაურის ახალი ტყეკაფის პრობლემები

უკანასკნელი 10-12 წლის განმავლობაში, სოფელ ბულაჩაურის მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებით და კარმიდამოებით დაკავებული ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, სოფლის ზემოთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეზე მდებარე საკმაოდ ციცაბოდ დახრილი ფერდობიდან მოვარდნილი ღვარცოფული ნაკადების მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდა. შედეგად უკვე დაინგრა ან ძლიერ დაზიანდა რამოდენიმე სახლი, ღვარცოფული ნალექების მძლავრი ფენით დაიფარა გზები და საკარმიდამო ნაკვეთები. პროცესი პერმანენტულ ტენდენციას იძენს და სტიქიების მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება. ბულაჩაურში განვითარებული სტიქიური მოვლენები პირდაპირ უკავშირდება ტყის გაჩეხვას, რაც შეშის დამზადების მიზნით ბოლო წლებში ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ უბანზე, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, ტყეკაფი გამოყოფილი არ ყოფილა, შეშის გამოტანა ბოლო დრომდე ინტენსიურად ხორციელდებოდა თავად ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. მათი განცხადებით, არალეგალური შეშით მომარაგება იძულებითი აუცილებლობაა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად აცნობიერებდნენ ამ საქმიანობის პირდაპირ კავშირს სოფელში განვითარებულ ბუნებრივ კატასტროფებთან, რაც ახლო მომავალში მათი საცხოვრებელი გარემოს ყოფნა-არყოფნის საკითხთს უკავშირდება. პრობლემის გადასაჭრელად, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მიმდინარე წელს ტყის დაცულ უბანზე ახალი ტყეკაფი გამოყო და 2 კილომეტრიანი სატყეო გზა შეიყვანა. აღნიშნული ცალსახად ამცირებს ზეწოლას ტყის უკვე დეგრადირებულ უბნებზე, მაგრამ ქმნის ტყის აქამდე დაცული მონაკვეთის დეგრადაციის საფრთხეს, რამაც შესაძლებელია ბუნებრივი კატასტროფების ახალი კერის წარმოქმნა განაპირობოს. ეკოლოგისა და გეოგრაფიის დოქტორის, ჭიჭიკო ჯანელიძის, დასკვნით, სოფ. ბულაჩაურის ჩრდილო-აღმოსავლეთით მიმდებარე ფერდობი, რომლის საზღვრებში ოფიციალურად არის დაშვებული ტყეკაფი, რთული მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური, გეოლოგიურ-გეომორფოლოგიური და გეობოტანიკური პირობების განვითარებით ხასიათდება. გთავაზობთ ამონარიდს ჭიჭიკო ჯანელიძის დასკვნიდან: "არარაციონალურ მიდგომად მიგვაჩნია ფერდობზე, რომლის ზედაპირის დახრა ალაგ-ალაგ 25-35°-ს აღემატება, 2,000 მ³ მოცულობის საშეშე მერქნის დამზადების მიზნით, 2 კმ-ზე მეტი სიგრძის სატრაქტორო გზის გაჭრა. შევნიშნავთ, რომ ამ გზის ცალკეული მონაკვეთების შიდა მხარეზე ზოგან ვერტიკალური კედელი არის წარმოდგენილი, რაც გრუნტის დაცურებას შეუწყობს ხელს. აღნიშნულთან ერთად, გზის სავალი ნაწილი აუცილებლად შეასრულებს ზედაპირული წყლების ხაზობრივი სადინარის როლს. ეს კი, თავისთავად, ხელს შეუწყობს წყლისმიერი ეროზიის გაძლიერებას, რაც შემდგომში რელიეფის დახრამვის და ღვარცოფული ნაკადების წარმოქმნის პროცესების გააქტიურებას გამოიწვევს. ახალი ტყეკაფის ადგილზე და მიმდებარე ტერიტორიებზე მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შედეგად, აუცილებლად მივიღებთ ისეთ მორფოდინამიკურ ვითარებას, როგორშიც ამჟამად სოფ. ბულაჩაურის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იმყოფება. ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ტყეკაფის ათვისების შემდეგ, ალბათ ეჭვის ქვეშ დადგება სატრაქტორო გზის მოვლის, მისი ნორმალური ფუნქციონირების მიზნით, პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელების რეალობა და ტყის არალეგალური ჭრის პრაქტიკის შეწყვეტა. ასეთ ვითარებაში, ეროზიულ-ღვარცოფული პროცესების სულ უფრო და უფრო ინტენსიურ განვითარებას რეალური საფუძველი ექნება“. მიმდინარე კვირაში CENN-მა ტყეკაფის საველე დათვალიერება განახორციელა. ბუნებრივი კატასტროფების განვითარების საფრთხეზე საუბარი ჯერ კიდევ ძნელია, თუმცა, ადგილზე ძალიან ნათლად ჩანს შედეგი, რასაც სოციალურ ჭრისგან ვიღებთ. სულ რაღაც 2–3 თვის წინ არსებული პროდუქტიული ტყე და მაღალი კონსერვაციული ღირებულების ეკოსისტემა ჭრის ნარჩენებით ჩახერგილ არაესთეტიურ და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ შემაძრწენებელ სანახაობას ქმნის. აქ ნათლად ჩანს ტყდისადმი მავნებლური მოპყრობის კვალი, რასაც მისი მჭრელები, სავარაუდოდ, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები იჩენენ. და ეს ყველაფერი მაშინ, როცა ბულაჩაურის მკვიდრთა დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არა აქვს ზამთრისთვის შეშა მომარაგებული. ადგილობრივი მკვიდრის, ხატია გონჯილაშვილის განცხადებით, მის ოჯახს ისევე როგორც ბულაჩაურელების დიდ ნაწილს, შეშ არ მოუმარაგებია, რადგან ზაფხულში ტყეკაფის გახსნის დროს არ იჩქარეს, მერე კი წვიმების სეზონი დაიწყო და ახლა ტყეში ავტომობოლების შესვლა გართულებულია. თითქმის იგივეს ამბობს ბულაჩაურელი გიორგი ფადიურაშვილი. მისი განცხადებით, მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეშა ჯერ არ მოუმარაგებია და ზამთარი უკვე კარსაა მომდგარი. საკმაოდ დიდი რაოდენობის მოჭრილი ხეტყის დატოვებას მოსახლეობა მარტივად ხსნის: „შეშის შემსყიდველები ე.წ. კოტრებად დახერხილ შეშას ყიდულობენ და მათთვის 20 სანტიმეტრზე წვრილი ტოტების გამოტანა მომგებიანი არ არის“. შექმნილ სიტუაციაში, ერთადერთ გამოსავლად ისევ სოფლის გაზიფიცირება რჩება, რასაც ჭიჭიკო ჯანელიძის დასკვნაშიც ვკითხულობთ: „ლოგიკურ განსჯას არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომ სოფ. ბულაჩაურში ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ გაყვანილი იქნა ბუნებრივი აირის მილსადენი. ეს მილსადენი დღესაც ფუნქციონირებს, თუმცა სოფლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ბუნებრივი აირის ნაცვლად სათბობად მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელებულ ტყეებში კანონიერად თუ უკანონოდ დამზადებულ შეშას იყენებს. გარე გადასახედიდან, ამ ფაქტს ლოგიკურ გამართლებას ვერ მოუნახავ“.