ზამთრის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო აქტუალური ხდება ხე-ტყის უკანონო თუ კანონიერი, მაგრამ არასწორი ჭრისა და მოხმარების საკითხი.
გარემოსდამცველები დიდი ხანია განგაშის სიგნალს აძლევენ საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ საქართველოს მწვანე საფარი ყოველწლიურად მცირდება. როგორც ეკოლოგები აღნიშნავენ, ბუნებას, რა თქმა უნდა, აქვს აღდგენის უნარი, მაგრამ საქართველოში წელიწადში საშუალოდ, მხოლოდ 4 მილიონი კუბური მეტრის განახლება ხდება და სამწუხაროდ, ამაზე ბევრად მეტი იჭრება.
მწვანე საფარის განადგურების რამდენიმე მიზეზი არსებობს: ყოველწლიურად ბევრი უკანონო ჭრის ფაქტი ფიქსირდება, კანონიერი ჭრის შემთხვევაში, ხშირად არასწრადაა შერჩეული ლიცენზიანტისთვის გადაცემული ადგილმდებარეობა, დაავადებების გამო ტყის სანიტარული მდგომარეობა საკმაოდ დამძიმებულია. ძნელი მისახვედრია, რომელი ფაქტორია უფრო მეტი ზიანის მომტანი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსის, მაია ჩხობაძის განცხადებით, უკანონოდ ბუნებათსარგებლობის სიხშირეზე სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ხე-ტყის უკანონო მოპოვება ხდება არა მხოლოდ ლიცენზიანტების, არამედ სხვა პირების მიერაც.
"2013 წელს შეიქმნა მაკონტროლებელი ორგანო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, რომელიც ახორციელებს კონტროლს უკანონო ბუნებათსარგებლობის სფეროში. ხე-ტყის უკანონო მოპოვება, სამწუხაროდ ქვეყანაში პრობლემაა იმიტომ, რომ ეს მიბმულია სხვადასხვა ეკონომიკურ თუ სოციალურ ფაქტორთან. ზედამხედველობის დეპარტამენტს ჰყავს 500-მდე თანამშრომელი, რომლებიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ახორციელებენ კონტროლს ხე-ტყის უკანონო ჭრაზე და მათ მიერ არაერთი ფაქტია გამოვლენილი".
ანალიტკური სამსახურის მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2015 წელს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ დაფიქსირდა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების - 1806 ფაქტი. მათ შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის - 1722 ფაქტი, ხოლო სისხლის სამართლის დანაშაულის - 84 ფაქტი.
2013 წლიდან დეპარტამენტის მიერ შემოწმებული იქნა ყველა მოქმედი ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელი. შემოწმების შედეგების მიხედვით ტყით მოსარგებლეების მიერ ლიცენზიის პირობების დარღვევისა და ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა - 6 294 371 ლარი.
მაია ჩხობაძის თქმით, კონტროლის მექანიზმების სრული მოშლა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 2011 წელს, გარემოს დაცვის სამინისტროს გამოეყო ბუნებრივი რესურსების მართვისა და რეგულირების საკითხები და გადავიდა ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში.
"გარემოსადმი მიყენებული ზიანი არის ზუსტად ის თანხობრივად ასახული ზარალი, რაც ლიცენზიანტის, ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ უკანონო საქმიანობის შედეგად მიადგა გარემოს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, უკანონო ტყით სარგებლობა ანუ ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადება, ლიცენზიის, შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე, ითვალისწინებს საჯარიმო სანქციას 500 ლარის ოდენობით, კონფისკაციით ან უამისოდ, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირება ფირნიშისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე 1000 ლარით ჯარიმდება, ერთი წლის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში კი 2000-ითა და მასალის კონფისკაციით ისჯება.
გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო არსებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით.
შემოწმებები მხოლოდ დაჯარიმებას არ ისახავს მიზნად, მისი მთავარი დანიშნულებაა პრევენცია და აღმოფხვრა, თუმცა, სამწუხაროდ ამ მიზნის მიღწევამდე ჯერ ბევრია სამუშაო. მაგრამ თუ კონტროლის მექანიზმი არ არსებობს სამართალდარღვევათა რაოდენობა ბევრად უფრო მეტი იქნება. ამიტომ ეს მექანიზმები აუცილებელია", - აღნიშნა მაია ჩხობაძემ.
ორგანიზაცია, "მწვანე ალტერნატივის" ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორის, ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, შეუძლებელია უკანონო ჭრა მხოლოდ გარემოზე ზედამხედველობის სამსახურის მეშვეობით კონტროლდებოდეს, რომელიც არ არის ძალიან მრავალრიცხოვანი. უნდა ჩამოყალიბდეს ტყის მდგრადი მართვის სისტემა. პრობლემა არის ისიც, რომ გრძელვადიანი ტყით სარგებლობის მენეჯმენტი რეგიონების მიხედვით არ არეგულირებდეს იმას, თუ რა უნდა მოიჭრას და რა - არა. არც ტყეების კატეგორიზაციის სისტემა არსებობს, სახელმწიფოს არ აქვს გადაწყვეტილი საქართველოს რომელი ნაწილის ტერიტორიები დაიცვას და სად განახორციელოს სოციალური ჭრები. დაგეგმვა არ ხდება, ლიცენზიის გაცემა კი სპონტანურად მიმდინარეობს. მთელი სისტემა არის შესაცვლელი, რისკენაც მიდის სამინისტრო, მაგრამ ვისურვებდი ამ საკითხებში მეტ გამჭირვალობას. ქვეყანა უნდ დაიყოს ოთხი კატეგორიის ტყეებად: პირველი საკონსერვაციო ანუ დაცული ტყეები, მეორე სარეკრეაციო და კულტურული, მესამე დაცვითი ტყეები, (რომელთაც ინფრასტრუქტურისა და დასახლებების დაცვის ფუნქცია აქვთ გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისაგან ) და დანარჩენი სამეურნეო საექსპლუატაციო ტყეები. იმ კანონდარღვევების ფონზე, რაც ხდება, უკანონო ჭრად ითვლება გლეხი რომ წავიდეს და ტყეში ლობიოსთვის სარი მოჭრას, სწორედ ამაზე ვსაუბრობ, რომ სისტემა არის არასწორად და სოფელში ცხოვრების გამო ადამიანი იძულებული ხდება დაარღვიოს კანონი. ეს არაა სამართლიანი.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შეშის ფასი, გარკვეულწილად იმატებს და ის განსხვავებულია რეგიონების მიხედვით, რამდენად ტყიანია ესა თუ ის რეგიონი და ტერიტორია. ძირითად ფასს ტრანსპორტირენბის ხარჯი წარმოადგენს და არა - თვითონ მერქნის ფასი. მერქნის ფასი, რასაც ადამიანი უხდის სახელმწიფოს არის ძალიან სიმბოლური, ერთი კუბური მეტრი ორი სამი ლარია.მაგრამ ის რომ გლეხმა სახლში მიიტანოს, ზამთრისთვის საკმარისი, ერთი მანქანა შეშა საშუალოდ 800 ლარამდე უჯდება.
უნდა ითქვას ისიც, რომ გაზიფიცირება შეშის მოხმარებას არ ამცირებს, გაზიფიცირებული სოფლებიც იმ რაოდენობის შეშას მოიხმარენ, რასაც არაგაზიფიცირებულები, ბუნებრივი აირით ისინი სარგებლობენ მხოლოდ ზაფხულის პერიოდში, საკვების მომზადებისთვის. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ჯერ ერთი გაზი სოფლებში უფრო ძვირია ვიდრე თბილისში, ამავდროულად, სოფლის სახლები არის არაენერგოეფექტური და მისი გაზით გათბობა ფაქტობრივად წარმოუდგენელია. რამდენჯერმე ძვირი ჯდება, ამიტომ არათუ სახლები, სახელმწიფო დაწესებულებები, სკოლების უმეტესობაც კი რომლებიც არიან გაზიფიცირებულები, გასათბობად შეშას მოიხმარს. გაზიფიცირებაზე გაწეული ხარჯი არ არის ადეკვატური ხე-ტყის საფარის შემცირებისა, სახელმწიფოს ერჩია მეტი ძალისხმევა ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით გამოევლინა. გაზიფიცირებამ დიდი შედეგი, გარემოს დამცველობითი თვალსაზრისით არ გამოიღო, ამაზე არსებობს სერიოზული კვლვები", -აღნიშნა ირაკლი მაჭარაშვილმა.
ორგანიზაცია "პარტიზანი მებაღეების" წარმომადგენელი, ნატა ფერაძე ამბობს, რომ მწვანე საფარს დიდ ზიანს აყენებს დაავადებული ხეები. "დაავადებების გამო ზეხმელი ხეები, ინფექციისა და პარაზიტების მატარებელი და მოსაჭრელია და თუ ამაზე ვინმემ არ იზრუნა, გაზაფხულზე გადასდებენ ჯანმრთელ ხეებს და მალე დავრჩებით ხის გარეშე. ზუსტად იმ უკანონო ხის ჭრის საპირწონედ, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, გვაქვს უამრავი ხე, რომელიც იდეაში უნდა მოიჭრას და საშეშე მასალად წავიდეს, გადასცენ სოციალურად დაუცველებს, რაც იქნება კარგი, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ ხდება. ყველაფერი უკუღმაა. იმის პასუხად, რომ დაავადებული ხეების ჭრა ვერ იწყება, ბიუჯეტში არასაკმარისი თანხების რაოდენობა სახელდება. არ მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, მაგრამ რამდენადაც თვალს ვადევნებ, ერთ-ერთი ყველაზე რთული მდგომარეობა, ხეების უკანონო ჭრის თვალსაზრისით, არის რაჭაში, ასევე ბაკურიანში, სადაც მიწის მფლობელს ნებისმიერი ხის მოჭრის უფლება აქვს თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში. სახელმწიფოში ისეთი განუკითხაობაა ამ კუთხით, რომ უკვე ვეღარ გაიგებ რა უკეთესია უნებართვოდ თუ კანონიერი გზით ჭრა", - აღნიშნა ნატა ფერაძემ.
წყარო: http://www.bpn.ge/ekonomika/16708-qthu-daavadebuli-kheebi-droze-ar-moitcra-male-kheebis-gareshe-davrchebithq.html?lang=ka-GE