რა ზიანს აყენებს ასფალტის ქარხანა ლაგოდეხის მოსახლეობას

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის პირველი საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მწვანე მებრძოლები"-ს წევრებმა ჩაატარეს ერთგვარი მცირე მოკვლევა სხვადასხვა ქარხნების მიერ ჰაერის დაბინძურების შესახებ. ამის შემდეგ ეკოკლუბ "მწვანე მებრძოლები"-ს წევრები მივიდნენ სოფელ კაბალსა და სოფელ გიორგეთის შორის მდებარე ასფალტის ქარხანაში, დააფიქსირეს იქედან ამომავალი კვამლი და გამოკითხეს ადგილობრივი მოსახლეობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემებს ქმნიდა ქარხნიდან ამომავალი კვამლი.

ეკოკლუბელებთან საუბარში მოსახლეობამ აღნიშნა, რომ არაფერი ვთქვათ ჰაერის დაბინძურებაზე (რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია) ამ ქარხნიდან ამომავალი კვამლი ძალიან დიდ ზიანს აყენებს მათ. მოსახლეობა ამბობს, რომ ხილი რომელიც მათ ეზოშია სულ შემოსილია შავი კვამლით გამოწვეული ნადებით და ბავშვები ვერ მიირთმევენ ხეზე მოწყვეტილ ხილს. ხილის მხოლოდ დიდი ხნით რეცხვის შემდეგ შეიძლება გასცილდეს ეს ეგრედწოდებული  ნადები.

გამოკითხულმა ქალბატონებმა აღნიშნეს, რომ როდესაც ეს ქარხანა მუშაობს, სარეცხის გაფენა შეუძლებელია იმიტომ რომ სარეცხი უფრო ჭუჭყიანდება, ვიდრე გარეცხვამდე იყო.

სოფელ აფენის N1 სკოლის ეკოკლუბელები აპირებენ ეს პრობლემური საკითხი სახელმწიფო უწყებების წინაშე დააყენონ.