"ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’ პროექტის ფარგლებში, რომელსაც CENN ახორციელებს ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარე ტყის დამოუკიდებელი მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამი არაგაზიფიცირებული მუნიციპალიტეტის: ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და მესტიის საჯარო სკოლებში გათბობის ძირითადი საშუალება შეშაა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 30 საჯარო სკოლიდან 2014-2015 წლების ზამთრის სეზონზე შეშის მომხმარებელმა 19 სკოლამ 284 მ³ შეშა დახარჯა, ხოლო 2015-2016 წლების ზამთრის სეზონზე შეშა, როგორც გათბობის საშუალება, გამოიყენება 21 საჯარო სკოლაში და მოთხოვნილი შეშის რაოდენობა 339 მ³-ს შეადგენს.გასული ზამთრის სეზონზე წალენჯიხის #5 საჯარო სკოლაში გათბობისთვის ელექტროენერგიას იყენებდნენ, მაგრამ როგორც ადმინისტრაცია აღნიშნავს, ელექტროენერგია არასტაბილურად მიეწოდებოდათ ზამთრის სეზონზე და გადაწვიტეს სკოლის შეშით გათბობა. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ლიას #1 საჯარო სკოლაც ელექტროენერგიას მოიხმარდა გათბობისთვის. ამ ზაფხულს კი ძირითად კორპუსში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა, რომელიც შეშაზე მუშაობს.
დღეისათვის მხოლოდ წალენჯიხის #7, ნაკიფუს #2, ლიას #2, ჯგალისა და ლარას საჯარო სკოლებს აქვთ უკვე შესყიდული შეშის საჭირო მარაგი.
დანარჩენ სკოლებში შეშის საჭირო მარაგის შესყიდვა ეტაპობრივად ხდება. შეშის მოთხოვნისა და შესყიდვის განაწილებას თვეების მიხედვით შემდეგი სახე აქვს:
ნოემბერი, 2015 წელი - 112, 4 მ³;
დეკემბერი, 2015 წელი - 49, 4 მ³;
იანვარი, 2016 წელი - 31,5 მ³;
თებერვალი, 2016 წელი - 43 მ³;
მარტი, 2016 წელი - 46,4 მ³.
წალენჯიხის 10 სკოლა უზრუნველყოფილია შეშის ენერგოეფექტური ღუმელით.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 20 საჯარო სკოლიდან 17 სკოლა შეშის მომხმარებელია. მათ ზამთრის სეზონზე გათბობისთვის 470 მ³-მდე შეშა სჭირდებათ და ძირითადად შეშის მარტივ ღუმელებს იყენებენ, ხაბუმეს #1 საჯარო სკოლაში კი ცენტრალური გათბობის სისტემა ფუნქციონირებს.
მესტიის მუნიციპალიტეტის ოცდაოთხივე საჯარო სკოლაში გათბობის ერთადერთი საშუალება შეშა არის. დაბა მესტიის #2 საჯარო სკოლაში მოქმედი ცენტრალური გათბობის სისტემაც შეშაზე მუშაობს და 90 მ³ შეშას მოიხმარს. დანარჩენ სკოლებში შეშის მარტივი ღუმელები დგას და სკოლების უმრავლესობა ზამთრის სეზონზე გათბობისთვის 40-50 მ³ შეშას ხარჯავს. ოცდაოთხივე სკოლისთვის შეშის საჭირო რაოდენობა 1172 მ³ -ს შეადგენს,რომლის შესყიდვას სკოლის ადმინისტრაცია შემოდგომაზე, ზამთრის დადგომამდე ახდენს. მიზეზად კიმხოლოდ ტრანსპორტირების სირთულეს ასახელებენ.