როგორ აღნიშნეს სმენის მსოფლიო დღე ხარაგაულში

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, 2007 წელს,  3 მარტი სმენაზე ზრუნვის დღედ გამოცხადა. ხოლო 2016 წლიდან მას სმენის მსოფლიო დღე დაერქვა.  ადამიანის ექვსი გრძნობიდან სმენა თამაშობს უდიდეს როლს მის განვითარებაში.  სმენის საშუალებით იგება ურთიერთობები, აღიქმება სამყარო, ადამიანი ერთვება ყოველდღიურ საქმიანობაში, სმენის საშუალებითაა შესაძლებელი ცხოვრების მრავალფეროვნების აღქმა და განგაშის სიგნალის ჩართვა. სამწუხაროდ, მრავალ ადამიანს აღენიშნება სმენის პრობლემა, აქედან კი 32 მილიონი ბავშვია.  თუ ბავშვს სმენა არა აქვს, გაუჭირდება სწავლა, კომუნიკაცია, ჩართულობა მის გარშემო მიმდინარე პროცესებში, ამის გამო დაკომპლექსდება. ჩაიკეტება საკუთარ თავში, ყოველთვის მოძებნის გარიყვის მიზეზს. 

სმენადაქვეითებულ ბავშვთა მშობლები მოითხოვენ, რომ მარტი სმენადაქვეითებულთა თვედ გამოცხადდეს და ასეთი ბავშვებისთვის სპეციალური პროგრამები შეიქმნას, მართალია, ფრაგმენტულად ხორცილედება ღონისძიებები ბავშვებისთვის, მაგრამ ეს არაა საკმარისი. რადგან სმენის პრობლემის მქონე ბავშვიც და დიდიც ინფორმაციის დეფიციტშია, ერთჯერადი აქტივობა შედეგზე ვერ გადის, მაგალითად სატელევიზიო გადაცემები რომ გადიოდეს სუბტიტრებით, მათი გონება მუდმივად დაძაბულ რეჟიმში იქნება, წაიკითხავს და განვითარდება, მოდუნების დრო არ დარჩება. 

დაბა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეკო კლუბელები დაინტერესდნენ ხარაგაულში მცხოვრები სმენადაქვეითებული ანდრია ჭიპაშვილის მდგომარეობით და ოჯახში ესტუმრნენ. ანდრია პატარა ბიჭია, ჯერ შვიდი წლისაა. სმენის პრობლემა რომ ჰქონდა დედამ 8 თვის ასაკში შეატყო, არ წარმოთქვამდა ბგერებს, არ ჰქონდა რეაქცია ხმაურზე და განგაშის ზარი შემოიკრა. მას შემდეგ მრავალი ღონისძიება გაატარა ბავშვის სრულყოფილი განვითარებისთვის, ბევრი იბრძოლა, ყველა კარზე დააკაკუნა, სასმენი აპარატიც ჩაუდგა და მაინც წინ მრავალი დაბრკოლება და პრობლემა ხვდება. 

 ანდრია ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში არ სწავლობს, ოჯახმა გადაწყვიტა, მიუხედავად მძიმე სოციალური ფონისა, ანდრია თბილისში სპეციალურ სკოლაში მიეყვანა. 203-ე სკოლაში სწავლობს ანდრია, დილის ცხრა საათიდან ექვს საათამდე არის სკოლაში. სწავლობს ჟესტურ ენას, წერას, კითხვას, ავარჯიშებს ლოგოპედი სიტყვების წარმოთქმაში.  მაია, ანდრიას დედა, ამბობს, რომ თბილისში ანდრია თავს ძალიან კარგად გრძნობს, დამოუკიდებლად ისწავლა პირადი ჰიგიენის დაცვა, ჭამა, ისწავლა რამდენიმე მარტივი სიტყვა, ძირითადად მარცვლებს საუბრობს, ირგვლივ მყოფები თავისუფლად ხვდებიან ანდრიას საუბარს. მაია ამბობს, ანდრია რომ ხარაგაულში დარჩენილიყო, ვერაფერს ისწავლიდა, რადგან ბაღში რაც ისწავლა, ისიც დაავიწყდა. ეს გარემო არ არის მასზე ადაპტირებული. თუმცა იმასაც ამბობს, რომ თბილისი მისი ანდრიას მიმართ ძალიან ცივია, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ თავშეყრის ადგილას გარშემომყოფებს არ ესმით, ან არ უნდათ გაიგონ ანდრიას პრობლემა და აუხეშად ექცევიან, მის საუბარს დასცინიან, ერთ-ორჯერ ხელიც კრეს, უყვირესო. დედა ძალიან განიცდის, რომ საზოგადოებას ასეთი დამოკიდებულება აქვს. ხარაგაულში სულ სხვა სიტუაციაა, ანდრიას ყველა იცნობს, ყველას უყვარს, ეფერება და მისი უცნაური ხმებიც არ აშინებთ. მაგრამ სპეციალური სკოლა მისი სამომავლო ცხოვრებისთვისაა აუცილებელი, განათლება სჭირდება, პროფესიის მიღება, თავის დამკვიდრება. 

მაიამ 3 მარტის შესახებ არაფერი იცოდა. არასოდეს მიუღია მონაწილეობა სმენადაქვეითებულთა დღის ღონისძიებებში, არც რაიმე საჩუქარი მიუღია ანდრიას. ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს, ანდრიას პენსიაც და მისი წამლებისა და მკურნალობის ხარჯებს როგორღაც ფარავენ.  ახლა კბილებზე ოპერაცია გაუკეთეს და სახელმწიფომ დაუფინანსა 1200 ლარით. მაია ამბობს, რომ ძალიან გაეხარდება თუ ანდრიას მეტ ყურადღებას მიაქცევს სახელმწიფო, დღესასწაულებზე საჩუქრებით გაახარებს, ან ისე მოიკითხავს ერთხელ მაინც და ერთ სათამაშოს გაუგზავნის. რა თქმა უნდა ოჯახი დღედაღამ შრომობს და მისი გამოკვება არ უჭირს, თუმცა სხვისი ყურადღება ძალიან გაახარებს. შშმ ბავშვები ისეთივე ნაწილნი არიან საზოგადოებისა, როგორიც სხვა, ამიტომ მათაც უნდათ ლამაზი დღეები. ეკო კლუბელების მიერ ნაჩუქარმა სათამაშო ავტობუსმა და მანქანამ ანდრია ისე გაახარა, მთელი დღე დარბოდა და სიხარულით მღეროდა. დედამ აღნიშნა, რომ სათამაშოებით ვერ ანებივრებენ, რადგან მათი ყოველდღიური საზრუნავი ანდრიას წამალი, ახლა უკვე ფსიქიატრისაც, და აპარატის ელემენტებია. დიდი ოჯახია, სხვა შვილებიც ჰყავთ და სათამაშოების თანხა აღარ რჩება. 

სამომავლოდ ეკო კლუბი ისევ ესტუმრება ანდრიას, სკოლაშიც მოიწვევს და ღონისძიებაში ჩართავს, რომ სხვა ბავშვებივით მასაც ჰქონდეს ბედნიერი ბავშვობა. 

კითხვაზე: რა შეგვიძლია ჩვენმა ეკო კლუბმა გააკეთოს თქვენთვის და ანდრიასთვისო, დედამ უპასუხა, რომ მათ უკვე გააკეთეს, რადგან ეს სიხარული პატარა ანდრიას არასოდეს დაავიწყდება. ბავშვებს მხოლოდ სიყვარული და თანადგომა სჭირდებათ ბედნიერებისთვის. 

ეკო კლუბის აქტივობა დამოუკიდებლმა გაზეთმა ,,ჩემი იმერეთი" გააშუქა.

http://chemikharagauli.com/?p=33508&fbclid=IwAR2HgJqEh57CSUc0lu976_W2AwAgbCD_vpRvjs-Mh-K683VEBL2HJQjeM8Q#.XmUwE6gzbIV