მესტიის სოფელ იელის სკოლაში კლიმატის ცვლილებებზე იმსჯელეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის  საჯარო სკოლის ეკოკლუბმა სკოლის და თემის წარმომადგენლებს კლიმატის ცვლილებებსა და შედეგებზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. მომხსენებელი იყო კლუბის სპიკერი  - ქრისტინა ფანგანი და კლუბის ერთ-ერთი წევრი - მარიამ ხვიბლიანი.  

მონაწილეები გაეცნენ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებს, რომელიც უკავშირდება გარემოსა და ადამიანის ფიზიკურ სიჯანსაღეს. ეკო-სპიკერმა დამსწრეებს განუმარტა რას გულისხმობს "სათბური გაზები" და "სათბურის ეფექტი", რომ ბუნებრივი სათბური ეფექტი ნორმალური და აუცილებელია, მაგრამ  როცა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობა ნორმაზე მეტია, ფერხდება სითბოს მიმოცვლა დედამიწასა და კოსმოსს შორის. დაგროვილი მავნე აირების (ნახშირორჟანგის  და სხვა) ზემოქმედებაზე ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი ესაუბრა დამსწრეებს. სპიკერმა მათ ასევე მიაწოდა ინფორმაცია  სათბური აირების მთავარ წყაროებზე.

აუდიტორიაში დაისვა აქტუალური კითხვები. დამსწრეებმა ნახეს ვიდეო ახალგაზრდა ეკო-აქტივისტ გრეტა თუნბერგზე და  მოისმინეს მისი სიტყვა გაეროს სამიტზე. მონაწილეებისათვის ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა შეხვედრა. იმსჯელეს სოფელთან ახლო მდებარე ტეებში ცეცხლის გაჩენის მიზეზებზეც. ისინი თემში გაავრცელებენ  მიღებულ ინფორმაციას.

დამსწრეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შესამცირებლად  გადაუდებელი ზომები უნდა  გატარდეს და ამ პროცესში მხოლოდ სახელმწიფო კი არა თითეული ადამიანი აქტიურ მონაწილეობას უნდა იღებდეს.