სოფელ ხეთის სკოლის ეკოკლუბის კვლევა წყალსაკანალიზაციო სისტემების გაუმართაობაზე

მსოფლიოში ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს საკმარისი რაოდენობის, უსაფრთხო, მისაღები/შესაბამისი, ფიზიკურად და ეკონომიკურად ხელმისაწვდომი წყალი პირადი და საყოფაცხოვრებო საჭიროებებისათვის. გაეროს მდგრადი განვითარების მე-6 მიზანიც სწორედ წყალსა და სანიტარიაზე ხელიმისაწვდომობის მიღწევას ისახავს.

წყალსაკანალიზაციო სისტემების გაუმართაობა საქართველოს თითქმის ყველა სოფლის პრობლემაა. ხობის მუნიციპალიტეტში, საქირიოს უბანს წყალი მთის წყაროდან მიეწოდება, სადაც არ არსებობს რაიმე სახის ფილტრი, ავზის წმენდასა და ზოგადად წყლის სისტემის გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს, შესაბამისად მას ყურადღება მხოლოდ მაშინ ექცევა, როცა მოსახლეობას მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემა ექმნება და შეკეთების აუცილებლობა ჩნდება.

სიტუაცია ზაფხულობით განსაკუთრებულად მძიმდება, წყალი თანდათან მცირდება და მიწოდება ფერხდება. წყლის ხარისხი ნამდვილად არ შეესაბამება ნორმას და მასში კირის მაღალი შემცველობა უბრალო დაკვირვებითაც შეიმჩნევა. მიზეზი მიმდებარე მთაზე სამი კირქვის კარიერის ფუნქციონირებაა. მთის კალთები ფაქტობრივად ჩამოშლილია და იმ შემთხვევაში, თუ კარიერი ამ ტერიტორიაზე კიდევ გააგრძელებს ფუნქციონირებას, არსებობს საშიშროება, რომ მოსახლეობა წყლის გარეშე დარჩეს.

სოფელ ხეთის სკოლის ეკოკლუბის მიერ ჩატარებული კვლევით ჩანს, რომ მოსახლეობის აზრით, უნდა ჩატარდეს კვლევა წყლის ხარისხის შესამოწმებლად, შეიქმნას სტანდარტების შესაბამისი წყლის სისტემა, პერიოდულად მოხდეს სისტემის კონტროლი. რაც შეეხება კირქვის მოპოვებას, მათი აზრით აუცილებელია ჩატარდეს გამოკვლევები, დადგინდეს არის თუ არა შესაძლებელი ამ ტერიტორიაზე გაგრძელოს კარიერმა ფუნქციონირება და დაწესდეს კონტროლი იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც სახელმწიფომ აღნიშნულ კარიერს დააკისრა. კერძოდ, სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ , 2018 წელს, გასცა 5 წლიანი ლიცენზია, რომლის მიხედვითაც შპს-ს შეუძლია მოიპოვოს კირქვა (საღორღე) 29 100 მ3- ის ოდენობით, თუმცა შპს ვალდებულია შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, არ მოახდინოს წყლის დაბინძურება წიაღისეულით და იმ შემთხვევაში, თუ მოპოვება პრობლემას შეუქმნის ადგილობრივ მოსახლეობას ან აღნიშნულ ტერიტორიაზე აღმოჩნდება განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მცენარეები და მატერიალური მნიშვნელობის მქონე ობიექტი, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამუშაოები და მიაწოდოს ინფორმაცია წიაღის ეროვნულ სააგენტოს. მოსახლეობის აზრით, აღნიშნული ვალდებულებები მხოლოდ ფურცელზე დაწერილი ფორმალობაა და ისინი არასდროს შესრულებულა.

არსებობს მრავალი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი მთავრობა ვალდებულია დასახლებულ პუნქტს მიაწოდოს წყალი განსაზღვრული რაოდენობით. აგრეთვე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ადამიანის უფლების შინაარსიდან გამომდინარე არსებობს ვალდებულებები სახელმწიფოებისათვი, რომელთაგან ერთ-ერთია დაცვის ვალდებულება. „ვალდებულება , მოითხოვს სახელმწიფოსაგან, წინ აღუდგეს მესამე მხარის ჩარევას წყალზე უფლების განხორციელების პროცესში.

სახელმწიფო ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი კანონები, ან გაატაროს ღონისძიებები, რათა მეწარმეებს, წყალმომარაგების კომპანიებსა და კერძო პირებს მიაწოდოს წყლის უფლებასთან დაკავშირებული კონკრეტული სტანდარტები, რათა:

მესამე პირებმა თვითნებურად და უკანონოდ არ შეწყვიტონ წყალი;

სოფელი, თემი დაცული იყოს წყლის რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებული მოქმედებების დროს, რომ არ გაუარესდეს მათ მიერ გამოყენებული სასმელი წყლის ხარისხი;

მესამე მხარე, რომელიც აკონტროლებს ან ექსპლუატაციას უწევს წყალთან დაკავშირებულ სერვისებს, საფრთხის ქვეშ არ აყენებდეს თანასწორი, ეკონომიკურად და ფიზიკურად ხელმისაწვდომი საკმარისი რაოდენობის სასმელი წყლის მიღებას.

პრობლემა საკმაოდ მწვავეა და საფრთხე რეალური, ამიტომაც საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არსებობს საფუძველი აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩატარდეს გეოლოგიური და წყლის ხარისხის შესამოწმებელი კვლევები. სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ტყის მცველნის“ წევრები აპირებენ განაგრძონ ამ საკითხის კვლევა.