ქუთაისის იოსებ ოცხელის სახელობის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ედელვაისის“ წევრები ესტუმრნენ ქალაქ წყალტუბოს მე-4 საჯარო სკოლას. შეხვდნენ ეკოლოგიის საკითხებით დაინტერესებულ მოსწავლეებს. შეხვედრის მიზანი იყო ნიკო კეცხოველის სახელობის კონკურსის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია, ასევე სხვა სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება და ჩართვა აღნიშნულ კონკურსში.
შეხვედრაზე ეკოკლუბ „ედელვაისის“ წევრებმა გააკეთეს კონკურსის პრეზენტაცია. ისაუბრეს ნიკო კეცხოველის სახელობის კონკურსის მნიშვნელობაზე და მათ მიზნებზე. აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები კარგად იცნობენ აღნიშნულ კონკურსს, აქვთ გარკვეული გამოცდილება გარემოსდაცვითი აქტივობების ჩატარების თვალსაზრისით(სკოლაში ფუნქციონირებს რეინჯერთა კლუბი), თუმცა ჩართულნი არ არიან მასში.
ასევე, ეკოკლუბ „ედელვაისის“ წევრებმა გააცნეს თანატოლებს მათ მიერ განხორციელებული რამდენიმე აქტივობა და თავიანთი გამოცდილება. ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, თუ რატომ და რა მიზნით უნდა ჩაერთონ აღნიშნულ კონკურსში მოსწავლეები. დაინტერესების შემთხვევაში კლუბის წევრები დაჰპირდნენ თანატოლებს, რომ დაეხმარებიან ეკოკლუბის შექმნაში და გააგრძელებენ მათთან აქტიურ თანამშრომლობას.
შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა, გამოიკვეთა მე-4 სკოლის მოსწავლეებიდან დაინტერესება კონკურსის მიმართ, დაიგეგმა რამდენიმე ერთობლივი აქტივობა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქუთაისელ მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სკოლის შენობამ და ეზომ , რომელიც თითქმის 1 ჰა-ს მოიცავს, მაშინ როცა მოსწავლეთა რაოდენობა 200-ს აღწევს. ამ ფაქტმა მოსწავლეები დააფიქრა ისეთ საკითხზე, როგორიცაა მიგრაცია. იქვე ზეპირად შეთანხმდნენ, რომ დაგეგმონ და ამ პრობლემას მიუძღვნან ერთობლივი აქტივობა.