საგანგაშო ჰოპოთეზები შეშაზე
რამდენი შეშა მოიხმარება საქართველოში და შესაძლებელია თუ არა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ტყეების მდგრადი და კანონიერი ექსპლუატაციის პირობებში – ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის მიღება წლიდან წლამდე სასიცოცხლო ხდება, რასაც არაერთი სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ასპექტი განაპირობებს.
სოციალური ასპექტებიდან აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონების მოსახლეობა უკვე საუბრობს შეშის, როგორც საარსებო რესურსის დეფიციტზე, რომლის გარეშეც, უბრალოდ, ზამთარს ვერ გადაიტანენ.
მოსახლეობის წუხილს სიტუაციის ზოგადი ანალიზიც ამყარებს.
სახელმწიფო ქვეყნის მასშტაბით წელიწადში 0.5–0.7 მილიონი კუბური მეტრი შეშის კანონიერ გამოყოფას ახერხებს, მაშინ, როცა სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული და განხორციელებული კვლევების მიხედვით, მოთხოვნა 5–10-ჯერ მეტია. მაგალითისთვის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ 2008 წელს განხორციელებული კვლევის მიხედვით, მოხმარების მაჩვენებელი 2,5 მილიონ მეტ-კუბს აღწევს. USAID-ის მიერ 2014 წელს დაფინანსებული კვლევა კი კიდევ უფრო დიდ ციფრს – 5.2 მილიონს ასახელებს.
მონაცემების შედარებას საგულისხმო ჰიპოთეზებამდე მივყავართ:
შეშის დეფიციტი 80-90 %-ს აღწევს, რაც არა მხოლოდ გრძელ ვადაში, არამედ მოახლოვებული ზამთრის პერიოდშიც კი, მოსახლეობის საარსებო რესურსის გარეშე დარჩენის საფრთხეს ქმნის;
ქვეყანაში შექმნილი ენერგეტიკული დეფიციტის აღმოსაფხვრელად ყოველ წელიწადს ტყეებში დასაშვებზე 5–10-ჯერ მეტ მერქანს მოვიპოვებთ, რასაც ეკოსისტემების შეუქცევად დეგრადაციამდე და ბუნებრივი და ეკოლოგიური კატასტროფების ახალ მასშტაბებამდე მივყავართ;
ლოგიკას თუ მივყვებით, შეგვიძლია ასევე დავასკვნათ, რომ ქვეყანაში საშეშედ მოჭრილი ხუთი ხიდან კანონიერი მხოლოდ ერთია.
დღეისათვის ამ ჰიპოთეზების დადასტურებისა ან უარყოფის საფუძველი საკმაოდ შეზღუდულია, რადგან არ არსებობს შეთანხმებული მონაცემი, რომელიც ყველა მხარის მიერ იქნებოდა აღიარებული. ხელახალი შეფასებისა და ანალიზისთვის სამინისტროში უკვე შეთანხმებულია კვლევის მეთოდოლოგია და დაწყებულია მისი განხორციელება, რომელიც მთავრობას მომავალ წელს წარედგინება.
შეშასთან მიმართვებაში კიდევ ერთი საკითხია გასათვალისწინებელი:
ენერგოდამოკიდებულების კუთხით არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ექსპერტები, შეშას, როგორც ეროვნულ პროდუქტს, მეტ უპირატესობას ანიჭებენ (ვიდრე თუნდაც იმპორტირებულ ბუნებრივ გაზს) და ამ თვალსაზრისს მაკროეკონომიკური პარამეტრებითაც ხსნიან. თუმცა, შეშა ყველაზე იაფფასიანი ეკონომიკური პროდუქტია, რისი მიღებაც ტყიდან შეიძლება და მას სატყეო მეურნეობის შემოსავლებში ყველგან მეორადი ფუნქცია ენიჭება. ამასთან, განვითარებულ ქვეყნებში საშეშედ, საქართველოსგან განსხვავებით, სხვა დანიშნულებით გამოუსადეგარი ხეტყე გამოიყენება. რაც შეეხება საქართველოს, სამწუხაროდ, აქ ღუმელშ საუკეთესო სამასალე ტყეები იწვება, არაფერი რომ არ ვთქვათ ეკოლოგიურ, რეკრეაციულ თუ გლობალურ ღირებულებებზე.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამის მომზადების მიზნით, სამინისტროსა და სატყეო სააგენტოს პატრონაჟით, ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სახელმწიფო, სამოქალაქო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები შევიდნენ. მათთან ერთად მომზადდებული კომპლექსური სამოქმედო გეგმა განხორციელებისათვის საქართველოს მთავრობას მომავალი წლისთვის გადაეცემა.
მოსახლეობის შეშით უზრუნველყობის პროგრამის შემუშავების ინიციატივა ხორციელდება CENN-ის მიერ, „ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული ქვეყნებისათვის სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების მეორე პროგრამის (ENPI East FLEG II)“ ფარგლებში, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მხარდაჭერით. ინიციატივა ფინანსდება ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) მიერ“.