ჭიათურის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ჩაატარა კვლევა მერქნული რესურსის მოხმარებასთან დაკავშირებით.
სოფელ გეზრულში მოსახლეობა გასათბობად იყენებს შეშას, გამოკითხულთაგან მხოლოდ 3 ადამიანი იყენებს ზოგჯერ ელექტროენერგიას (სამსახურში). სოფლად ამ ეტაპისთვის გამოკითხულთა 100%-ს აქვს შეშის სრული მარაგი, რომელიც დაახლოებით ოქტომბრის ბოლომდე მოიმზადეს. შეშის მომარაგების დროს ორი მიმართულების პრობლემა გამოიკვეთა: ოჯახები, რომლებიც თავად იმარაგებენ საწვავს, აღნიშნავენ, რომ ბიუროკრატიული ბარიერები და მანძილი მათთვის ხელის შემშლელია (ბარათის გამოწერა, ტყეკაფის სიშორე), ის ოჯახები, რომლებიც ყიდულობენ მერქანს, აღნიშნავენ მერქნის მაღალ ფასს.
შეშით მომარაგების საკითხი ყოველთვის ან შრომატევადი იყო, ან _ ძვირი; თვისობრივად შეშით მომარაგების საკითხი სოფლად იგივე სირთულისაა, როგორიც იყო გასულ წლებში. წლიურად შეშის მოხმარების ოდენობა 10-20 მეტრ კუბი მოცულობით განისაზღვრა. გააჩნია ოჯახის სულადობას, საცხოვრებელი ფართის სიდიდეს. უმეტეს შემთხვევაში მოსახლეობა 20მ3 მერქანს მაინც მოიხმარს. ფაქტობრივად, არასაზამთრო პერიოდში მოსახლეობის უმეტესობა საკვების მოსამზადებლად შეშის ცეცხლს იყენებს, ძალიან ცოტა _ თხევად გაზს და ელექტროქურებს.
ზამთრის განმავლობაში გათბობაზე იხარება დაახლოებით 200-დან 300 ლარამდე. შეშის მოტანისთვის მოსახლეობა იყენებს სატვირთო მანქანებს (ძირითადად მიკროავტობუსის ტიპის სატვირთოებს) და საჭაპანე პირუტყვს (ხარს). ზაფხულობით ტყიდან მოსახლეობას ფიჩხი გამოაქვს ხელითაც. შეშის ტრანსპორტირება 3-5 კილომეტრის მანძილიდან ხდება (გააჩნია, სად ცხოვრობს ადამიანი, სოფლის ცენტრში თუ გარეუბნებში).
მოსახლეობა იყენებს ზამთრისთვის წიფელს, რცხილას და მურყანს, ხოლო ზაფხულობით _ წაბლის ფიჩხსაც. • ზაფხულობით გამოიყენება ხმელი შეშა, ზამთრობით კი ნარევი (ხმელი და ნედლი). ფიჩხის გამოყენება ძირითადად ხდება ზაფხულობით. სოფლად თითქმის ყველა ოჯახს აქვს ბუხარი, რომელიც ნაკლები რაოდენობით წვავს მერქანს, ვიდრე ღუმელი. ფიჩხი გამოიყენება ასევე თონეებისათვის. მერქნულ ხარჯში ფიჩხი 5%-ზე ნაკლებ მოცულობას შეადგენს.
მოსახლეობა ძირითადად სვანურ ღუმელს (დაახლოებით 90%)იყენებს, ასევე ჰაერნაკადურ მარეგულირებიან სვანურ ღუმელს (დაახლოებით 10%), თუნუქის თხელკედლიანი ღუმელი საზამთროდ არ გამოიყენება. • ზამთრობით მოსახლეობა სოფლად ათბობს ძირითადად ერთ ოთახს. ზოგი ოჯახი სპეციალურად ზამთრისთვის ე.წ. „ქუხნებს“ იყენებს საცხოვრებლად. ეს არის პატარა ფართობის ცალკე მდგომი შენობა, რომელიც სწრაფად თბება და ენერგოეფექტურია. გამოკითხული ოჯახების მნიშვნელოვანი ნაწილი ზამთრისთვის ფანჯრის ღიობებს სპეციალური წებო-სილიკონითაც ფარავს (თბოიზოლაციისთვის).
ბრიკეტების შესახებ გამოკითხული 30 ადამიანიდან მხოლოდ ერთმა იცოდა. გამოკითხული 30 ადამიანიდან ერთმა აღნიშნა ალტერნატიულ სათბობად ბრიკეტების გამოყენება, დანარჩენმა ელექტროენერგია ან გაზი (გაზიფიცირებული ამ ეტაპზე სოფელი გეზრული არაა). ალტერნატიული საწვავი უნდა ღირდეს შეშაზე იაფი, ან მისი ტოლფასი, რათა სოფელში შემცირდეს მერქნული საწვავის გამოყენება. ჭიათურაში ტყეების მდგომარეობა კრიტიკულია, რადგან საწვავად ვარგისი სახეობების მოცულობა შემცირებულია.