წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა სოფლების - ოზნისა და ავრანლოს სკოლებთან თანამშრომლობით საერთო კლუბი შექმნეს, რომელსაც სახელად "აგო" უწოდეს.
"აგო" არის აბრევიატურა: ავრანლო, გუმბათი, ოზნი. "აგოს" მიზანია სკოლებს შორის თანამშრომლობა, პარტნიორობა და სხვადასხვა აქტივობების ერთად განხორციელება. კლუბი ხელს უწყობს ქართველი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების ინტეგრაციას, მეგობრობასა და სამომავლო ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
აღნიშნული სკოლებიდან ავრანლო და გუმბათი ქართულია, ხოლო ოზნის საჯარო სკოლა სომხურენოვანია.
კლუბის წევრები სოციალურ საწარმო "გუმბათში" შეიკრიბნენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. დაგეგმეს, რომ მიმდინარე სემესტრში უნდა ჩაატარონ საჭიროებების მიხედვით სხვადასხვა კვლევა და გამოავლინონ მათ თემებში არსებული პრობლემები.