ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე–ჯავახეთში: ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში, ტყის აღრიცხვას იწყებს. სამუშაოები 53 000 ჰექტარ ფართობს მოიცავს.
ეროვნული სატყეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მერაბ მაჭავარიანი ამბობს, რომ ინვენტარიზაციის შედეგად რეგიონის ტყის პრობლემებს უკეთ გაეცნობიან: „ეს მნიშვნელოვანი ქმედებაა“.
მისივე თქმით, პრობლემების გამოკვეთის შემდეგ, მათ მოსაგგვარებლად გეგმას შეიმუშავებენ.
ინვეტარიზაციაზე სასაუბროდ ეროვნული სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები ახალციხეში იმყოფებოდნენ. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ორ წლიანი პროექტის ფარგლებში მოხდება ახალციხის, ასპინძისა და ახალქალაქის ტყეების რესურსის აღწერა, საზღვრების დადგენა, პრობლემების გამოვლენა და ამის საფუძველზე გრძელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრა მისი განვითარებისა და პრობლემების მოგვარებისთვის.
გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის რეგიონული ქსელის (CENN) კოორდინატორი, თამარ კაპანაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა არამარტო რეგიონისთვის, არამედ ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი.
სატყეო დეპარტამენტის ინფორმაციით, ინვენტარიზაციის სამუშაოები, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, საქართველოში 1998–99 წლების შემდეგ პირველად განხორციელდება.
„2015–2016 წლებში ეროვნული სატყეო დეპარტამენტის სააგენტომ ტყის მართვის 10 წლიანი გეგმა შეიმუშავა. გეგმის მიხედვით, სააგენტოს დეტალურად აქვს გაწერილი ყველა სატყეო–სამეურნეო ღონისძიება, კერძოდ: მოვლითი, სანიტარული და სარგებლობითი ჭრები“, – აცხადებენ სატყეო დეპარტამენტში.