7-8 ნოემბერს CENN-ის ორგანიზებით სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აფხაზეთის სკოლებისთვის, მორიგი ფოტო–ტური მოეწყო კოლხეთის ეროვნულ პარკში.
რუხის, ხეთის, სენაკის, ფოთის, აბაშის, ყარ-სგურიშისა და გალის სკოლების მოსწავლეებისთვის მოეწყო 3 საათიანი სანაოსნო ტური პალიასტომის ტბაზე და მდინარე ფიჩორის ხეობაში. მარშრუტი დაიწყო პალიასტომის ტბის შესასვლელიდან. მოსწავლეებმა დაათვალიერეს პალიასტომის ტბის ულამაზესი ნაპირები, მდინარე ფიჩორის შესართავის თვალწარმტაცი ხედი. მდინარის ნაპირზე მოწყობილი სათვალთვალო კოშკიდან შესაძლებლობა ჰქონდათ იქ გავრცელებულ წყლისა და ჭაობის ფრინველებზე, აგრეთვე გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების.
ფოტოინსტრუქტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით ფოტო–ტურის მონაწილეებმა კოლხეთის ეროვნული პარკის ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლების ამსახველი მეტად საინტერსო ფოტოები გადაიღეს.
მოსწავლეებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზეც მოახერხეს ფრინველებზე დაკვირვება და ფოტოების გადაღება.
ეროვნული პარკის ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ მოსწავლეებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია კოლხეთის დაცული ტერიტორიების შესახებ. ეკოგაკვეთილს ასევე ესწრებოდნენ დედოფლისწყაროს ეკოკლუბის მოსწავლეები.
ორივე რეგიონის მოსწავლეებს აგრეთვე წარედგინათ ფოტო–კონკურს ,,ფოტო სინთეზ-2016’’-ის თემა და პირობები CENN-ის პროექტის ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’ რეგიონული კოორდინატორის მიერ.
ფოტოტური ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, პროექტის ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’ ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ( ADC) ფინანსური მხარდაჭერით.
აღნიშნული ღონისძიების პარტნიორია დაცული ტერიტორიების სააგენტო.