სოფელ გუმბათის სკოლის ეკოკლუბი წალკის თვითმართველობას ნაგვის ურნების დადგმას სთხოვს

ქვემო ქართლში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა დაწერეს განცხადება ნაგვის ურნების მოთხოვნასთან დაკავშირებით და გააგზავნეს თვითმართველობაში.  აღსანიშნავია, რომ  აქამდეც არაერთხელ მოითხოვეს მოსწავლეებმა ნაგვის ურნების დადგმა, თუმცა ჯერ საწადელს ვერ მიაღწიეს. ერთ-ერთი თხოვნის შემდეგ კი ეკოკლუბელებს თვითმართველობამ უპასუხა, რომ ურნებს გზის გაკეთების შემდეგ დადგამდნენ.

ახლა ცენტრალური გზა გაკეთდა, მხოლოდ რამდენიმე მეტრია სოფელ გუმბათამდე მოსასვლელად დარჩენილი, მაგრამ ურნები კვლავ არსად ჩანს.  არადა, ამ დროს მდინარეს ემუქრება საფრთხე, რადგან ნაგვის ბუნკერების არარსებობის გამო მოსახლეობა ძირითადად მდინარესთან ახლოს ყრის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.

ეკოკლუბის წევრები ხშირად ატარებენ აქციებს, მაგრამ ნაგვის ურნების არქონის გამო სისუფთავის შენარჩუნება რთულია.