ახალციხეში რვა საბავშვო ბაღიდან, ოთხში ისევ ღუმელებით თბებიან, დანარჩენში კი ცენტრალური გათბობაა დამონტაჟებული.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში ამბობენ, რომ ქალაქში არსებულ ყველა ბაღში გათბობის პრობლემა მოგვარებულია. იმ ბაღებში, სადაც ცენტრალური გათბობა არ აქვთ შეშა შეიძინეს.
„მთელი წლის შეშა მომარაგებული და დაბინავებულია. ბაღებში გათბობა დაახლოებით ორი კვირის წინ ჩავრთეთ, მას შემდეგ რაც სიცივეები დაიწყო და ამ მხრივ პრობლემა არ არის“, – ამბობს ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ბერიძე.
მისი თქმით, იმ ბაღებისთვის, რომლებიც შეშით თბებიან 163 კუბური მეტრი შეშა შეიძინეს, რისთვისაც დაახლოებით 11.000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
ცენტრალური გათბობა ოთხ ბაღშია (N5, N1, N3, N6) დამონტაჟებული;
კითხვაზე, რატომ არ დამონტაჟდა დანარჩენ ოთხ ბაღში გათბობა, ბერიძე გვპასუხობს: ”მომავალი წლის ბიუჯეტში N4 ბაგა–ბაღის ტერიტორიაზე ახალი ბაღის მშენებლობისთვის თანხის გამოყოფა იგეგმება, დარჩენილ ბაღებში ცენტრალური გათბობის დამონტაჟება ახლა ზედმეტი ხარჯი გამოვა“, – ამბობს ნანა ბერიძე.
მისი თქმით, რამდენი ლარი გამოიყოფა ახალი ბაღის მშენებლობისთვის ჯერ გადაწყვეტილი არ არის:“ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ დანარჩენი სამი ბაღი N4 ბაგა–ბაღში გაერთიანდება“.
ახალციხის საბავშვო ბაღებში ამ ეტაპზე 1.400 ბავშვი ირიცხება.
წყარო:http://sknews.ge/