ტრადიციული რეწვის ოსტატები სოფელ მუკუზანში

კახეთში, სოფელ მუკუზნის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ჩაატარეს კვლევა- ,,ტრადიციული რეწვის ოსტატები ჩვენს სოფელში“. კვლევის მიზანი იყო გაგერკვიათ, არის თუ არა მუკუზანში განვითარებული რეწვა, რა პრობლემები აქვთ მეწარმეებს, რა პროდუქცია იწარმოება და რა გზით ხდება მისი რეალიზება.

მოსწავლეებმა შეადგინეს კითხვარი და ინტერვიუ აიღეს სოფლის მაცხოვრებლებისგან. კვლევის შედეგად გამოირკვა, რომ მუკუზანში რამოდენიმე ოჯახი დაკავებულია საბნების კერვით, მათ საქმიანობაში ჩართულნი არიან ოჯახის წევრები, აქვთ აქტიური მუშაობა, იღებენ შეკვეთებს, არ უჭირთ პროდუქციის რეალიზება. მათი სურველია გააფართოვონ წარმოება და დაასაქმონ ადგილობრივი მაცხოვრებლები.

როგორც გაირკვა, სოფელში ტრადიციულ რეწვას აქტიური მიმდევარი ჰყავს, მხატვარ ხათუნა ბაბუხაძის სახით. მას 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. ის აწარმოებს სხვადასხვა პროდუქციას: დეკორატიულ ხალიჩებს, ფარდაგებს, გობელენს და აქსესუარებს, წერს ხატებს. ის თავად ღებავს, ქსოვს, ხატავს, ქმნის ხელოვნების საუცხოო ნიმუშებს. 

ეკოკლუბი ეწვია ხათუნას სახელოსნოს, გაეცნენ მის მრავალფეროვან ნამუშევრებს. როგორც ყველა სფეროში, ისე ტრადიციულ მრეწველობაში არის პრობლემები, რომლებიც წარმოიშობა სამუშაოს შესრულების დროს. პრობლემა ძირითადად არის საქართველოში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. ძვირია ის მასალები რომლებიც გამოიყენება ნამუშევრის შესაქმნელად, შესაბამისად პროდუქციის თვითღირებულება მაღალია, რაც აფერხებს მის რეალიზაციას. როგორც ხელოვანი აღნიშნავს, მის სახელოსნოს ხშირად სტუმრობენ უცხოელი ტურისტები, ჟურნალისტები, არაერთხელ ყოფილა მიწვეული წამყვან სატელევიზიო გადაცემებში. ის აქტიურად მონაწილეობს გამოფენებში, სადაც ათვალიერებენ და ყიდულობენ მის ნაკეთობებს.

წარმოებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისათვის და რეკლამირებისთვის მიმართავს სხვადასხვა სოციალურ ქსელს. ხათუნა ბაბუხაძე მარტო მუშაობს, მას აქვს სურვილი დაინტერესებულ მოსწავლეებს შეასწავლოს ხალიჩების, გობელენის ქსოვა, აქსესუარების დამზადების ხელოვნება, შემდეგ კი დაასაქმოს ტრადიციული რეწვის სფეროში. ეს ხელს შეუწყობს სოფელში დასაქმებული ადამიანების რიცხვის ზრდას, ადგილობრივი მაცხოვრებლების ეკონომიური პირობების გაუმჯობესებას.