გორის სოფელ ქვახვრელის სკოლის ეკოკლუბმა ჭალის ტყეში ღია გაკვეთილი ჩაატარა

გორის სოფელ ქვახვრელის სკოლის ეკოკლუბის წევრებმა გადაწყვიტეს კლუბის საქმიანობაში რაც შეიძლება სკოლის მეტი მოსწავლე ჩართონ. ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების, კლუბის გეგმების განხორციელების მიზნით მათთან სხვადასხვა სახის შეხვედრები, ღონისძიებები დაგეგმეს. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა სკოლის ბუნების მასწავლებელთან ერთად განახორციელეს.

დაგეგმილი აქტივობა იყო ღია გაკვეთილ  სოფლის ჭალის ტყეში, რაც ძალიან საინტერესო, ხალისიანი და შთამბეჭდავი გამოდგა. გაკვეთილის მიზანი იყო ჭალის ტყეების გაცნობა, მათი როლი და მნიშვნელობა. ასევე, ტყეში ეკოლოგიური მდგომარეობის გაცნობა და მასზე მსჯელობა. 

გასული საუკუნის 90-იან წლებში სოფლის ჭალის ტყეები ძალიან დაზიანდა მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის გამო. მოსახლეობისთვის გათბობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ სწორედ ეს ტყე აღმოჩნდა და შეიძლება ითქვას მასობრივად განადგურდა. საბედნიეროდ მასიური ჭრები ამჟამად შემცირებულია, თუმცა ბავშვებმა ნახეს რამოდენიმე ახლადმოჭრილი ხე. ტყის ნაპირები კი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული აღმოჩნდა.

თავისუფალი გაკვეთილის შემდეგ, ეკოკლუბის წევრებს გაუჩნდათ კითხვა - ჰყავს თუ არა ჭალის ტყეს მეტყევე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უახლოეს მომავალში დაგეგმეს შეხვედრა საჯარო უწყების წარმომადგენელთან.