15 დეკემბერს თბილისის #169, ხაშურის #7, ჭობისხევის, ხარაგაულის #2 საჯარო, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიისა და ლეღვანის საჯარო სკოლების ეკო კლუბები ლიდერებთამ ერთად, ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესტუმრნენ. ბორჯომის ვიზიტორთა ცენტრში საინტერესო ლექცია მოისმინეს პარკის ბიომრავალფეროვნების შესახებ. გაეცვნენ დაცული ტერიტორიების მნიშვნელობას.
ლექცია საინტერესო კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შემდეგ, ნაკრძალის რეინჯერთან ერთად, სამ კილომეტრიანი საინფორმაციო ბილიკი დალაშქრეს. მოსწავლეები დააკვირდნენ ტყის მასივს. მოინახულეს წმინდა ნინოს ეკლესია. გზადაგზა ხეზე დაკრულ საინფორმაციო ფლაერებს ეცნობოდნენ. შეაგროვეს გირჩები, გადაიღეს საინტერესო ფოტოები, ლაშქრობდნენ წესების დაცვით, მგლის სიახლოვის საშიშროებაზეც გააფრთხილათ რეინჯერმა.
სკოლებმა წინასწარ დაგეგმეს, ერთობლივად შეერთებოდნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კამპანიას „ნუ მოჭრი, მორთე“ და ვიზიტორთა ცენტრის ეზოში ბუნებრივი ნაძვი საახალწლოდ მორთეს.
ეკო კლუბ „მწვანე სამყაროს“ წევრებმა საქველმოქმედო აქციით შეგროვებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები და წიგნები, ტკბილეულთან და სხვა პროდუქტებთან ერთად, საჩუქრად გადასცა ბორჯომში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს, – ხუთი ბავშვიდან უფროსი 14 წლისა, ხოლო პატარა ორი წლისაა. ისინი სიხარულით შეეგებნენ საახალწლო ნობათს.
ექსკურსიის დასასრულს, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ბავშვები ესტუმრნენ ბაკურიანს და თოვლში სრიალითა და გუნდაობით იმხიარულეს.
ერთობლივი სასკოლო ექსკურსიები, ურთიერთთანამშრომლობა ხელს უწყობს ბავშვების დამეგობრებასა და შემდგომ ურთიერთობებს. ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ამოსავალი წერტილიც ერთობლივად აქტივობების გახორციელება და დამეგობრებაა.
სკოლების ერთობლივი აქტივობა ადგილობრივმა გაზეთმა ,,ჩემი იმერეთი" გააშუქა.