მცხეთის სოფელ ძველი ქანდას სკოლის ეკოკლუბელების შეხვედრები ადგილობრივ თემთან

მცხეთის მუნ იციპალიტეტის სოფელ ძველი ქანდას სკოლის ეკოკლუბის წევრები მათი მიზნებისა და ამოცანების შესახებ ესაუბრნენ ადგილობრივი თემის გამგებელს ბატონ ოხტა ბადალოვს, სკოლის დირექტორს და მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, სოფლის უბნებში მოაწყეს სამუშაო შეხვედრები მოსახლეობასთან.

შეხვედრების დროს მოსწავლეებმა თანასოფლელებს თხოვეს ესაუბრათ საკითხებზე, რომელიც ყველაზე ძალიან აწუხებდათ (სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, ეკოლოგიური, სამედიცინო და სხვ.). აღინიშნა, რომ რომ სოფელში ასეთუ ისე ყველას აქვს შესაფერისი თავშესაფარი, სიღატაკის ზღვარზე არავინ არ არის დასული. თუმცა  ზოგიერთ ოჯახს შეიძლება მაინც უჭირდეთ და მათ დახმარების ხელს უწვდიან მეზობლები, ახლობლები, მეგობრები; ახერხებენ ამ ოჯახის წევრთა დასაქმებას, მათთვის სახელმწიფო სოციალური დახმარების დანიშვნის ორგანიზაციას, საჭიროების მიხედვით ემსახურებათ ოჯახის ექიმი, უფასოდ ეძლევათ სამედიცინო მედიკამენტები.

სოფელში პერიოდულად ტარდება საყოველთაო აცრები, შეუფერხებლად ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანა. მამაკაცთა ძირითადი ნაწილი ფლობს სამშენებლო პროფესიებს და ფიზიკურად შრომობს სხვადასხვა სამშენებლო ფირმებში. ქალების გარკვეული ნაწილი მომენტალურად თუ ეძლევათ საშუალება სოფლიდან საკმაო დაშორებითაც კი დაქირავებული მუშის რანგში ეწევიან მიწაზე ან სხვადასხვა სამსახურებში ფიზიკურ შრომას.

ყველას საერთო გულისწუხილია, რომ არ აქვთ ადგილზე დასაქმების საშუალება და იძულებული არიან შორს ეძებონ სამსახური, დიდია ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯები, ბუნებრივი გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფები, ძვირია პური და საკვები პროდუქტები, ვერ ამუშავებენ მიწის ნაკვეთებს მექანიზაციის საშუალებების ხელმიუწვდომობის და სარწყავი წყლის უქონლობის გამო. სარწყავი სისტემა მოშლილია, სოფელს არ მიეწოდება სარწყავი წყალი. ურწყავში კი გვალვიანობის გამო მოსავალი არ მოდის და მათი შრომა ფუჭად იხარჯება.

ეკოკლუბის წევრებმა ასევე გადაწყვიტეს სოფლის მიწის სავარგულების დათვალიერება, წყლის მთავარი არხის და სოფლის სარწყავი სისტემის მდგომარეობის შესწავლა. ეკოკლუბელების აზრით, წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტა მიწაზე კვლავ დაასაქმებს მშრომელ ადამიანებს, განვითარდება სოფლის ეკონომიკა და გაუმჯობესდება მოსახლეობის ცხოვრების პირობები.