ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ გუგუთში, ძირითადად ეკომიგრანტები ცხოვრობენ. სოფლის მოსახლეობას ბოლო პერიოდამდე არ ჰქონდა მიღებული შეშის ბილეთები. CENN–ის ქვემო ქართლის კოორდინატორის, გიორგი დემურაშვილის ინფორმაციით, როგორც ადგილობრივები ამბობენ, სატყეო უბნის უფროსი მათ შეპირდა, რომ უახლოეს დღეებში იქნებოდა და ბოლო რამდენიმე დღეა, საშეშე ბილეთების გაცემაც დაიწყო.
მაგრამ, დემურაშვილის ვარაუდით შეშის ტყიდან გამოტანა ძალიან გაჭირდება, რადგან ტყეში მისასვლელი გზები არ არსებობს, სოფელში არც საამისო ტექნიკაა. მარტო ერთ მოსახლეს ჰყავს ცხენი და ამ ერთი ცხენით ბუნებრივია ბევრ შეშას ვერ გამოიტანენ.
სოფელში ძირითადად ხანშიშესული მასახლეობაა დარჩენილი, ბევრი პენსიონერია, თუმცა სოციალურად დაუცველის სტატუსი არ აქვთ. ამიტომ არც რაიონული ხელმძღვანელობის იმედი აქვთ.
სოფელი მაღალმთიანია. გაზი არ აქვთ, ზამთარი მკაცრია და ხანგრძლივი.
სოფელი საზღვრის პირას მდებარეობს და აქვს სტრატეგიული მდებარეობა. მოუწესრიგებელი საყოფაცხოვრებო პირობების გამო ის თანდათან იცლება. ამჟამად, როგორც ამბობენ 40-50 მოსახლეღა დარჩა ჩამოსახლებული 300 ოჯახიდან.
როგორც ადგილობრივი სატყეო სამსახურის უფროსის მოადგილემ CENN-ს განუმარტა, სპეციალურად გუგუთის მოსახლეობისთვის უკვე გამოყოფილია ერთი კვარტალი და მათ შეუძლით აიღონ ბილეთები და მოიმარაგონ შეშა. რაც შეეხება გზებს, სატყეო სამსახურმა წელს მოახერხა მხოლოდ ის, რომ ტრაქტორმა გაიარა და არსებული ძველი გზები გაასუფთავა. სამწუხაროდ, ახალი გზების გაყვანა ამ ეტაპზე აქ ვერ მოხერხდა.