"ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’ პროექტის ფარგლებში, რომელსაც CENN ახორციელებს ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ( ADC ) ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარე ტყის დამოუკიდებელი მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საჯარო სკოლებში გათბობის ძირითად საშუალებად კვლავ შეშა რჩება, რაც ტყეებზე გაზრდილ ზეწოლასთან ერთად, სწავლის ცუდ პირობებს უკავშირდება.
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 51 საჯარო სკოლიდან 32 საჯარო სკოლა გათბობის საშუალებად შეშას მოიხმარს. მოხმარებული შეშის რაოდენობამ 2014-2015 წლების ზამთრის სეზონზე 887 მ³შეადგინა. 2015-2016 წლების ზამთრის სეზონისთვის მოთხოვნილი შეშის რაოდენობა კი 919 მ³-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ საჯარო სკოლების ძირითადი ნაწილი ნედლ შეშას მოიხმარს. შეშის შესყიდვა ხდება ეტაპობრივად ოქტომბრის თვიდან მარტის თვის ჩათვლით.
2015-2016 წლების ზამთრის სეზონისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შეშის შესყიდვის შემდეგი გრაფიკი აქვთ:
ოქტომბერი - 383 მ³;
ნოემბერი - 292 მ³;
დეკემბერი - 116 მ³;
იანვარი - 120 მ³;
თებერვალი - 58 მ³;
მარტი - 20 მ³.
ამ ეტაპზე მხოლოდ სამ საჯარო სკოლას აქვს მთლიანად შესყიდული შეშის საჭირო მარაგი.
აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მიერ მოხმარებული შეშის მოცულობა 2014-2015 წლების ზამთრის სეზონზე 550 მ³ იყო, 2015-2016 წლების ზამთრის სეზონზე კი 525 მ³ შეშის შესყიდვას გეგმავენ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის შეშის მომხმარებელ 32 საჯარო სკოლას 625 მ³ შეშაზე აქვს მოთხოვნა გაკეთებული. იგივე რაოდენობის შეშა იყო მოხმარებული 2014-2015 წლების ზამთრის სეზონზე.
ოქტომბრის თვის ბოლოსთვის 13 სკოლას ზამთრის სეზონზე გათბობისთვისშეშის საჭირო მარაგი უკვე შეძენილი აქვს, 7 სკოლას - დაახლოებით ნახევარი. 12 საჯარო სკოლა კი - ნოემბრისა და იანვრის თვეებში გეგმავს ეტაპობრივად შეშის შესყიდვას.
სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებშიც შეშის მოთხოვნისა და შესყიდვების განაწილება ხდება ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში სკოლის ბიუჯეტის გათვალისწინებით. შეშის მომხმარებელი 14 სკოლა ამ სეზონზე 472 მ ³ შეშის შესყიდვას გეგმავს.
შეშით მოსარგებლე სკოლებში ძირითადად დგას თუნუქის მარტივი ღუმელები, რომელთა სითბური ეფექტი ძალიან დაბალია. შეშის ენერგოეფექტური ღუმელებით კი მხოლოდ ერთეული სკოლებია უზრუნველყოფილი. ამ ტიპის ღუმელებს ხმარობენ ხობის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლაში.
ბუნებრივი აირი, როგორც შეშის საუკეთესო ალტერნატივა გაზიფიცირებულ დასახლებულ პუნქტებში არსებული საჯარო სკოლების მხოლოდ გარკვეულ ნაწილში გამოიყენება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სკოლების რაოდენობა, რომლებიც გათბობის საშუალებად ბუნებრივ აირს მოიხმარს, გასულ წელთან შედარებით არ შეცვლილა. ბუნებრივ აირზე მომუშავე ცენტრალური გათბობის სისტემა მხოლოდ 12 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს. თუმცა ამ მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი გაზიფიცირებულია.
ასევე არ შეცვლილა ბუნებრივი აირის მომხმარებელი სკოლების რაოდენობა მარტვილისა და ხობის მუნიციპალიტეტებში. მარტვილის მხოლოდ სამ და ხობის ორ საჯარო სკოლაში გამოიყენება ბუნებრივი აირი გათბობის საშუალებად.
აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში კი ერთით გაიზარდა ბუნებრივი აირის მომხმარებელი სკოლების რიცხვი.
ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებაა ფოთის საჯარო სკოლებში. 2014-2015 წლების ზამთრის სეზონთან შედარებით ოთხით მეტი სკოლა გამოიყენებს ბუნებრივ აირს.
თერთმეტი საჯარო სკოლიდან რვა საჯარო სკოლაში დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობის სისტემა, რომელიც ბუნებრივ აირზე მუშაობს. დანარჩენ სამ სკოლაში კი გათბობისთვის ელექტროენერგია გამოიყენება.