უფრო მეტი შეშა, ვიდრე გაზი, დენი და სხვა დანარჩენი ერთად
სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, საქართველოში ტყეების დეგრადაციას მასშტაბური ხასიათი აქვს და ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ჩვენთან შეშა ქვეყნის ძირითადი სათბობი რესურსია.
ტყეების ისტორიულმა ენერგეტიკულმა მნიშვნელობამ თანამედროვე ენერგეტიკასა და მეტყევეობაში ახალი ინტერპრეტაცია შეიძინა. ტყის, როგორც განახლებადი ენერგორესურსის, წილი განვითარებულ ქვეყნებში ყოველწლიურად იზრდება. თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, შეშა არსად არ განიხილება ძირითად სათბობ რესურსად.
საქართველოში სოფლად მცხოვრების მოსახლეობის 95% სათბობად შეშას იყენებს; შეშას ასევე მოიხმარს მცირე ქალაქების მოსახლეობის უდიდესი ნაწილი; შეშის გარკვეული რაოდენობა გამოიყენება დიდ ქალაქებშიც.
USAID/HPEP პროექტის ფარგლებში 2014 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, შეშის წილი საქართველოს სათბობ რესურსებში 60 %-ს აღწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით ზამთარში გასათბობად უფრო მეტ შეშას ვიყენებთ ვიდრე ერთად აღებულ ყველა სხვა ენერგორესურსს.
ენერგეტიკულ ბალანსში შეშის მაღალი წილის მიუხედავად, ქვეყნის ენერგოპოლიტიკაში შეშა არც კი ფიგურირებს.
2011–2013 წლებში ტყისა და ბუნებრივი რესურსების მართვა ენერგეტიკის სამინისტროში გადავიდა, რამაც ტყის ეკოსისტემები, ფაქტობრივად, ენერგეტიკულ რესურსად აქცია. აღნიშნული ვაკუუმის შევსებისა და დასუსტებული სახელმწიფო გარემოსდაცვითი ფუნქციების აღდგენის მიზნით, 2013 წელს ჩატარდა ინსტიტუციური რეფორმა, რის შედეგადაც, ბუნებრივი რესურსების მართვის ფუნქცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაუბრუნდა. თუმცა, რეფორმის შედეგი ტყეების მართვის გაუმჯობესებაზე ვერ აისახა, რადგან ფუნქციურად ტყე ისევ ენერგეტიკულ რესურსად დარჩა. მეტიც, სპეციალისტები გარკვეულ უკუეფექტებზეც მიუთითებენ. კერძოდ, ამ რეფორმით მთავრობამ შეიმცირა პასუხისმგებლობა ენერგომომარაგების ერთერთ მნიშვნელოვან ნაწილზე. ამას ისიც ადასტურებს, რომ შეშა ქვეყნის ენერგოპოლიტიკაში და სტრატეგიის პროექტში მოხსენიებულიც არ არის.
ქვეყნის ენერგომომარაგების ფუნქციის შესრულება ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის საკმაოდ დიდი ტვირთია და მას არ რჩება საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსი, რათა კანონმდებლობით დაკისრებული სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციები განახორციელოს. სააგენტოს მთელი რეგიონული შემადგენლობა ჩართულია მოსახლეობისთვის წელიწადში დაახლოვებით ნახევარი მილიონი მ³ შეშის მიწოდებაში. ამისთვის, სააგენტოს საშუალო ადგილობრივ თანამშრომელს, შეზღუდული ანაზღაურების პირობებში, ტყეში შესვლა წელიწადში 100-500-ჯერ სჭირდება. ამ პირობებში, დებულებით გაწერილ სხვა პასუხისმგებლობის შესახებ, თანამშრომელი ხშირად ინფორმირებულიც არ არის.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გასულ წელს CENN-მა გამოითხოვა ინფორმაცია ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურების მიერ 2011–2014 წლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ – ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულებისა და სატყეო სამსახურების ტიპური დებულების შესაბამისად. ასევე მოეწყო ინდივიდუალური და ფოკუს–ჯგუფების გამოკითხვები. საჯარო ინფორმაციების ანალიზმა დაადგინა, რომ სატყეო სამსახურების მუშაობის საქმიანობა მხოლოდ შეშის წარმოების კუთხით პასუხობს მასზე კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს და ისიც ნაწილობრივ. სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევებს და მათ შორის, თვითონ გარმეოს დაცვის სამინისტროს მიერ 2007 წელს ჩატარებულ ანალიზს თუ დავუჯერებთ, ლეგალურად მიწოდებული ნახევარი მილიონი კუბური მეტრი შეშის საერთო მოხმარების 10–20 %-ია, დეფიციტის მნიშვნელოვანი ნაწილი კი არალეგალური ჭრებით ივსება, რაც ტყეებს ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ფუქნციების გარეშე ტოვებს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად, პარტნიორ სახელმწიფო უწყებებთან და დაინტერესებულ მხარეებთან მოსახლეობის სათბობი რესურსით უზრუნველყოფის საკვანძო ასპექტებზე თანხმდება და სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას იწყებს. პროგრამამ, წინასწარ შეთანხმებული მეთოდოლოგიით, უნდა დაადგინოს შეშის მოხმარების მასშტაბი და შეადაროს კანონიერი გზით მიწოდებული შეშის ოდენობასთან. პარალელურად, დადგინდება შეშის მოპოვების პოტენციალი ტყეების ზრდისა და შემატების მიხედვით. ამ გამოთვლებით, საქართველოს მთავრობას ექნება სრული სურათი, თუ სათბობი რესურსის რა წილი შეიძლება დაკმაყოფილდეს შეშის კანონიერი და მდგრადი მოპოვებით და დეფიციტის დადასტურების შემთხვევაში, შემუშავდება მისი აღმოფხვრის გეგმა – ბუნებრივი გაზით, ქვანახშირით და სხვა ალტერნატივებით. ასევე აქტიურად განიხილება შეშის რაციონალურად ათვისებისა და ენერგოფექტურობის გაუმჯობესების ღონისძიებებიც.
პროგრამაზე მუშაობა მომავალი წლითვის დასრულდება და მთავრობას წარედგინება.