ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის სკოლის ეკოკლუბი „ბიოფილები“ აქტიურად თანამშრომლობს აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციასთან. მისი სპეციალისტები ხშირად ატარებენ სემინარებს სკოლაში სხვადასხვა თემებზე.
წელს შეხვედრები შედგა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ყველაზე მძიმე თემებზე: მსოფლიოს სტიქიური მოვლენები, განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა ბრაზილიის ხანძარზე, საქართველოს ტყის ხანძრები, აჯამეთის აღკვეთილის სოკოები, პლასტმასის ნივთებით გარემოს დანაგვიანება.
ყველა შეხვედრა დისკუსიით მთავრდებოდა. მოსწავლეები მსჯელობდნენ პრობლემის აღმოფხვრის გზებზე, თუ რა ევალება ადამიანს, რომ თავიდან აიცილონ პრობლემები, კიდევ ერთხელ ისაუბრეს ტყეში ქცევის წესების დაცვაზე (პიკნიკის შემდეგ ცეცხლის ჩაქრობა, დანაგვიანებული ადგილის დასუფთავება და სხვა).
ამ ურთიერთთანამშრომლობის შედეგია, რომ მოხდა შეთანხმება და შემოდგომაზე სოკოს კრეფისას დაყრილი პლასტმასის ნივთების შესაგროვებლად ერთდროულად მოაწყობენ დასუფთავების აქციას. გადაიღებენ სურათებს და ტყესთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდებიან შედეგის გასაცნობად. დაურიგებენ მოსწავლეების მიერ გაკეთებულ პოსტერებს: "უარი ვთქვათ პლასტმასზე“.