მესხეთში, ქალაქ ვალის N2 სკოლის ეკოკლუბმა უსაფრთხოებისა და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეხვედრა ჩაატარა თემაზე: კონფლიქტები და ჩემი ვალდებულებები, "არა ძალადობას!“.
აქტივობა მიზნად ისახავდა ბულინგის პრევენციას, მოზარდებში ბულინგზე რეაგირების გზების გაანალიზებას და მათ დაფიქრებას თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ბულინგის აღმოსაფრხვრელად. მიმდინარე სასწავლო წელს მოსწავლეების ინიციატივით თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში ისაუბრეს და იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: "როგორია პოზიტიური სასწავლო გარემო“, "რა შეუძლია მეგობარს?“ "როგორი ურთიერთობები მაქვს მშობლებთან და სხვა მოსწავლეებთან“, "დადებითი სასწავლო და ცხოვრებისეული ურთიერთობები“ და სხვა...
რაც შეეხება საერთო სასკოლო ღონისძიებას: "გაატარე შემოდგომა საქართველოში“, ვალის N2 სკოლის მოსწავლეებმა ამ აქტივობის ფარგლებში მოირგეს გურული პერსონაჟების როლი, გაითამაშეს გურული დიალოგები, რამაც ბავშვები გარკვეულწილად დააფიქრა საქართველოს ამ კუთხის დიალექტურ მეტყველებასა და ადამიანთა შორის პოზიტიური ურთიერთობების მნიშვნელობაზე.
საკლასო სივრცეში მოსწავლეებმა ასევე შექმნეს "მეგობრობის კლუბი“, ჩამოაყალიბეს საკუთარი კლუბის წესდება და იმსჯელეს კარგი მეგობრის თვისებებზე.