შიდა ქართლში, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის მონაწილე ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს სიურპრიზი გაუკეთა და ეზოში ველოსადგომი დაახვედრა. ამის შესახებ qartli.ge-ს სკოლის მოსწავლეებმა აცნობეს.
ვიდეომასალა, რომელიც ეკოკლუბის წევრებმა გამოგვიგზავნეს, 22 სექტემბერსაა გადაღებული. ამ დღეს ველომოყვარულებმა ხაშურში მსვლელობაც მოაწყეს.
სკოლის დირექტორის თქმით, ინიციატივა დირექციის წინაშე სკოლის თვითმმართველობამ წარადგინა.
,,სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლები შემოვიდნენ ინიციატივით, რომ ეკოკლუბის წევრებისთვის ველოსადგომი გაგვეკეთებინა. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდით და ამ ინიციატივის განხორციელებაში დავეხმარეთ. სიმართლე გითხრათ, რომ შეგვეძლოს, ჩვენც დიდი სიამოვნებით ვივლით ველოსიპედით" - დასძინა დირექტორმა.
სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ თვით მოსწავლეების პედაგოგიც ველოსიპედით მოძრაობს. ეკოკლუბი სკოლაში სხვადასხვა გარემოსდაცვით აქტივობებს ახორციელებს.