კურდღელაურის სკოლის ეკო-კლუბის ინტერვიუ კახელ მევენახესთან

საქართველო და კერძოდ კახეთი ყველამ ვიცით, რომ ღვინის სამშობლოა. ღვინო რომ საქართველოს ერთ-ერთ სიმდიდრეს წარმოადგენს ამაში ეჭვი არავის ეპარება. მაგრამ როგორ, საიდან ჩნდება ღვინო? პასუხი მარტივია - ვაზის ნაყოფიდან. თუ როგორ უნდა მოვუაროთ ახლად ჩაყრილ ვაზს, ამაზე უფრო ფართოდ სოფელ კურდღელაურის ეკო-კლუბს მევენახე ლევან ქართველიშვილი ესაუბრება. - ბატონო ლევან, თუ შეიძლება გვესაუბრეთ ახლად ჩაყრილი ვაზის მოვლაზე. -  ახლად ნაშენ ვენახს წელიწადის ყოველ დროს სჭირდება განსაკუთრებული მზრუნველობა. მუდმივი ყურადღება კი დარგვის პირველსა და მეორე წელს უნდა მივაქციოთ. ამ პერიოდში ისე უნდა მოვუაროთ, რომ ვაზის ფესვთა სისტემა და მიწისზედა ნაწილები მძლავრად განვითარდეს, რაც უზრუნველყოფს ნერგის დაჩქარებით ფორმირებას, მსხმოიარობაში ადრე შესვლას და შემდგომში ყურძნის რეგულარული მოსავლის მიღებას. პირველ წელს ნიადაგის დამუშავება, სარეველების წინააღმდეგ ბრძოლა, კოკოლების (შემოყრილი მიწა) გაფხვიერება, სოკოვანი დაავადებებისგან და მავნებლებისგან დაცვა ყოველდღიური საქმეა.

ყოველი წვიმის შემდეგ კოკოლები უნდა განვაახლოთ, ივლისის ბოლოს კი საერთოდ მოვხსნათ.

- ახალგაზრდა ვაზი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა გაისხლას, რომ თავიდანვე შეიქმნას ხელსაყრელი პირობები უკეთესი ზრდა-განვითარებისა და მსხმოიარობის დაჩქარებისთვის. დარგვის პირველ წელს ვაზზე ვტოვებთ ორ-სამ ყლორტს. თუ ვაზზე ერთი ყლორტია, მას წვერი 3-4 ფოთლის დატოვებით უნდა წაეწყვიტოს. მასზე განვითარებული ნამხრევებიდან ქვედა ორი დარჩება შტამბის გამოსაყვანად. მეორე წლის სექტემბრიდან ვაზზე 4-6 რქას ვტოვებთ, აქედან ზოგი სანაყოფედ გაისხლება, ზოგი კი _ სამამულედ.

რაც შეეხება ვაზზე მწვანე ნაწილების ოპერაციებს _ ზედმეტი ყლორტების და ნამხრევების შეცლა, წვეროს წაწყვეტა, ცის გახსნა ასე უნდა მოხდეს: ზედმეტი ყლორტები წელიწადში ორჯერ უნდა მოვაცილოთ _ პირველად, როცა ყლორტების სიგრძე 3-6 სმ აღწევს. ამ დროს გაეცლება შტამბიდან განვითარებული ყველა ყლორტი. მეორედ კი იფურჩქნება ყვავილების გამოჩენის შემდეგ. ნამხარის შეცლა უნდა მოვახდინოთ სამი-ოთხჯერ, ყლორტების დანორმებისა და ახვევის დროს. ცის გახსნა უნდა ჩავუტაროთ ივლისის პირველი ნახევრიდან აგვისტოს მეორე ნახევრამდე.

ახლად ნაშენი ვენახის ნიადაგის დამუშავება მოსავლის აღებისთანავე იწყება. იგი დაიფარება 18-20 სმ სიღრმეზე და ვაზის ძირებს მივაყრით მიწას. სასურველია, რომ ვენახი ერთ წელიწადს დაიბაროს, მეორე წელს კი გაითოხნოს. - რამდენად ხშირად არის საჭირო ახლად ნაშენ ვენახში მინერალური სასუქების შეტანა?

- ახლად ნაშენ ვენახში მინერალური სასუქები ყოველწლიურად უნდა შევიტანოთ, ნაკელი 3-4 წელიწადში ერთხელ, 3-4 კგ რაოდენობით ერთ კვ. მეტრზე.

ზაფხულში, ვენახის რიგთაშორისები და მცენარის ძირები უნდა გაითოხნოს რამდენჯერმე, რომ სარეველები სრულად მოისპოს. - რამდენად ხშირად არის ვენახის მორწყვა საჭირო?

- თუ საჭიროება მოითხოვს, ახლად ნაშენი ვენახი უნდა მოირწყოს პირველ წელს 6-ჯერ, მეორე წელს _ 5-ჯერ და ა.შ. რწყვის ჯერადობა მთლიანად დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე.